თბილისის მერმა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიას განცხადებით მიმართა, დავით ნარმანია მიიჩნევს, რომ ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის” წამყვანმა ქარტიის პრინციპები დაარღვია.
„სადავო გახდა 2017 წლის 12 თებერვალს გადაცემა P.S-ის ის სიუჟეტი, სადაც საუბარი იყო თბილისში საზოგადოებრივი საპირფარეშოების თემაზე. განმცხადებელი მიიჩნევს, რომ მასალა არაზუსტ ფაქტებს შეიცავდა და დარღვეულია ქარტიის პირველი პრინციპი (სიზუსტე), აგრეთვე მესამე (დადასტურებული წყარო და ფაქტის მიჩქმალვა) და მე-11 (ფაქტის განზრახ დამახინჯება). განცხადების თანახმად, გადაცემის დასასრულს, გიორგი გაბუნიას ტექსტში, სადაც ის დავით ნარმანიას წარმოშობაზე საუბრობს, ასევე დარღვეულია მეშვიდე მუხლიც (დისკრიმინაცია).
ქარტიის საბჭო საქმეს ღია სხდომაზე განიხილავს და ყველა დაინტერესებულ პირს შეეძლება დასწრება,“ – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია აქვეყნებს.