LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით სარალიძის მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართა – რას აცხადებს ადვოკატი

377
ing

2017 წელს, თბილისში ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობისთვის მსჯავრდებულმა მიხეილ კალანდიამ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსისთვის“ ექსკლუზიურად გახდა ცნობილი.

სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული IPN-ს, მიხეილ კალანდიას ადვოკატმა, ზურაბ თოდუამაც დაუდასტურა:

„კალანდიას მიაჩნია, რომ პრეზიდენტის ინსტიტუტი არის ინსტიტუტი, რომელსაც შეუძლია სამართლიანობის აღდგენის ნაწილში უდიდესი როლი შეასრულოს, რადგან თვლის, რომ მის მიმართ შერაცხული ბრალი დღემდე დაუსაბუთებელია და განაჩენი პოლიტიკურად ანგაჟირებული ძალების შედეგად საქართველოს სასამართლოზე განხორციელებული ზეწოლითაა დამდგარი.

ვიდრე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილებას მიიღებს, კალანდია ელოდება, რომ ქალბატონი პრეზიდენტი თავის დისკრეციას გამოიყენებს და სამართლიანობას ნაწილობრივ მაინც აღადგენს მიხეილ კალანდიას ნაწილში. პრეზიდენტმა ეს დეტალურად უნდა შეისწავლოს განაჩენთან ერთად და შემდეგ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება.

კალანდია შერაცხულ ბრალს არ აღიარებს, მიაჩნია, რომ პოლიტიკურმა ძალებმა სასამართლოზე, სამართალდამცავ ორგანოებზე ზეწოლა განახორციელეს და საპყრობილეში ამიტომ მოხვდა.

ის პრეზიდენტს ამ მტკიცებულებებით მიმართავს, რომ საქმეს თავად გადახედოს და თავისი დისკრეცია გამოიყენოს სამართლიანობის აღდგენის ნაწილში. პრეზიდენტმა მიხეილ კალანდია უნდა შეიწყალოს, რადგან განაჩენი ერთადერთ ჩვენებას ემყარება, რომელიც გიორგი ჯანაშიამ მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მას საპროცესო შეთანხმება გაუფორმეს და საპყრობილიდან გაათავისუფლეს“, – განაცხადა ზურაბ თოდუამ.

ცნობისათვის, 51-ე სკოლის მოსწავლეები, დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი 2017 წლის პირველ დეკემბერს ხორავას ქუჩაზე მოკლეს.

მსჯავრდებულები იყვნენ: გიორგი ჯანაშია, გუგა ბარბაქაძე და მიხეილ კალანდია. დავით სარალიძის განზრახ ჯგუფურად მკვლელობაში მსჯავრდებულმა გიორგი ჯანაშიამ პენიტენციური დაწესებულება უკვე დატოვა. ის ე.წ. უდოს კომისიამ გაათავისუფლა. მას საპროცესო შეთანხმების საფუძველზე 4 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა შეფარდებული.

მიხეილ კალანდიას სამივე ინსტანციის სასამართლოს მიერ პატიმრობა 11 წლითა და 3 თვის ვადით აქვს მისჯილი.

გიორგი მენაბდეს კი 10 წლითა და 6 თვის ვადით.

ხორავას ქუჩის საქმის შესახებ ვრცელ ინფორმაციას იხილავთ ამ ბმულზე.

 

 

წყარო: „ინტერპრესნიუსი“
magti 5g