LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დავით ზალკალიანი აშშ-ში ელჩად ინიშნება – ქვეყანას ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყავს

119
BeFunky-collage (13)

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი თანამდებობას ტოვებს.

შესაბამისი განცხადება პრემიერ-მინისტრმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.

ირაკლი ღარიბაშვილის განმარტებით, ზალკალიანი აშშ-ში საქართველოს ელჩად ინიშნება. დავით ზალკალიანი პირობას დებს, რომ აშშ-ში საქართველოს ელჩის თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში, აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა.

„ჩვენს მთავარ სტრატეგიულ ქვეყანა აშშ-ში წარმოადგენდე საქართველოს, უდიდესი პასუხისმგებლობაა. პირობას გაძლევთ, რომ ისეთივე მაღალი პასუხისმგებლობით, როგორც აქამდე ვაკეთებდი ჩემს საქმეს, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით გავაგრძელებ ახალ პოზიციაზე. პირობას გაძლევთ, რომ ჩემი ელჩობის პერიოდში აშშ-სთან თანამშრომლობა თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ ნიშნულზე ავა“, – განაცხადა ზალკალიანმა.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად ილია დარჩიაშვილი ინიშნება.

დარჩიაშვილი ამ დრომდე მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის თანამდებობას იკავებდა.

მან პრემიერ-მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა მისთვის დიდ პატივთან ერთად პასუხისმგებლობაცაა.

„ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ გამოცხადებული ნდობისთვის თქვენს გუნდში. თქვენთან ერთად ჩვენი ხალხის კეთილდღეობაზე ზრუნვა ჩემთვის დიდი პატივია და ამავდროულად დიდი პასუხისმგებლობა. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო, თითოეული დიპლომატი ჩვეული შემართებით გააგრძელებს ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ინტერესების დაცვას საზღვარგარეთ. მინდა ბატონ დავითს გადავუხადო მადლობა და ვუსურვო მას წარმატებები მის მომავალ პროფესიულ ცხოვრებაში. დიდი მადლობა ყველას“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

mazda magti 5g