პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა ალეკო ელისაშვილმა დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ბიძინა ივანიშვილის განცხადება შეახსენა და მიმართა კითხვით – იყვნენ თუ არა მისი ნათესავები კორუფციულ საქმეში ჩართულები?
ღარიბაშვილმა პასუხად თქვა, რომ არ იცის, კონკრეტულად ვის გულისხმობს ელისაშვილი, თუმცა ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, არამედ სწორედ მას.
“თქვენ აყოლილი ხართ, როგორც ჩანს, ამ ნაცების რიტორიკას, რომ თითქოს რაღაც კლანი მაქვს, ან კლანი მქონდა. ჩამოყალიბდით, მქონდა, თუ მაქვს, ეგ ვერ გავიგე თქვენგან. თუ მაქვს, გიპასუხებთ, რომ არ მაქვს, არც მქონია არავითარი კლანი. თუ კონკრეტული გვარები გაინტერესებთ, თუ გაინტერესებთ ჩემი ურთიერთობები, მე მგონი, ეს საინტერესო არაა მოსახლეობისთვის.
მოკლედ, იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანებმა სახელმწიფოს კი არ მიაყენეს ზიანი, თუ ვინმეს გულისხმობთ და არ ვიცი ვის გულისხმობთ, მე დავზიანდი ყველაზე მეტად. ეს იყო 6 წლის წინ. შეცდომა ყველას მოსდის, მეც მომდის, ჩვენ აქ უშეცდომოები არავინ არ ვართ. ისეთი საკითხია, ფილოსოფიური, შეგვიძლია ცალკე ვისაუბროთ. აგიხსნით ჩემს მოტივაციას და ასე ვთქვათ, ჩემს დამოკიდებულებას. მე წესებით ვცხოვრობ, ალბათ, ამ ფორმატში ამაზე საუბარი ცოტა უხერხულია, მაქვს წესები ურთიერთობაშიც, ვინც არ უნდა იყოს, ოჯახის წევრი თუ ნათესავი. ვინც ამ წესებს არღვევს, მე ამ ადამიანებთან უბრალოდ ურთიერთობას ვწყვეტ”.- განაცხადა ღარიბაშვილმა.