LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწესდება თუ არა ოჯახში ორ ავტომობილზე მეტის ფლობისთვის გადასახადი – „ამით სერიოზულ პროტესტს მივიღებთ“

269
246265620

პრობლემა, რომელიც საქართველოს უკვე წლებია აწუხებს – ჰაერის დაბინძურების გავლენის შემცირების არაერთი ვერსია მოგვისმენია, როგორც ხელისუფლების წარმომადგენლების, ისე ექსპერტების მხრიდან. ერთ-ერთ მეთოდად, თავის დროზე ტექინსპექტირებაც მიიჩნეოდა, თუმცა ფაქტია, რომ თბილისის ქუჩებში ისევ უამრავი მანქანა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი მოძრაობს, რომელიც შავ კვამლს უშვებს და ჰაერს აბინძურებს.

ჯერ კიდევ გასულ წელს დაიწყო იმაზე საუბარი, რომ შესაძლოა, ოჯახებს ავტომანქანების რაოდენობის მიხედვით დაუწესდეთ გადასახადი. რადიო „ფორტუნა“ შეეცადა გაერკვია, რა ეტაპზეა ეს ინიციატივა.

საქმე ისაა, რომ გარემოს კომიტეტთან არსებული სამუშაო ჯგუფმა „თბილისში ატმოსფერული ჰაერის მდგომარეობის შესახებ“ თემატურ მოკვლევა გამოაქვეყნა. დოკუმენტში გაწერილი ერთ-ერთი რეკომენდაცია, რომლის თანახმად, ეკოლოგიურად სუფთა ჰაერის წახალისების მიზნით, ოჯახში 3 ან მეტი ავტომობილის ყოლის შემთხვევაში, შესაძლოა, მოსაკრებელი განისაზღვროს.

ანგარიშში წერია, რომ ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის წასახალისებლად ბევრი რამ, მათ შორის, ექსპერიმენტული ღონისძიება დაიგეგმა.

ბევრი მანქანა გყავს, გადაიხადე - კიდევ ერთი გადასახადი, რომელიც ღარიბებს „დაარტყამს“

კანონი პირდაპირ იმას დაარტყამს, რისი ზრდაც ყველაზე მნიშვნელოვანია უკეთეს გარემოში საცხოვრებლად.

ჩვენ „ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის“ თავმჯდომარე დავით მესხიშვილს დავუკავშირდით, რომელმაც გვითხრა, რომ საერთაშორისო პრაქტიკით, გადასახადები ასე არ წესდება.

„არსებობს ბევრი მოდელი ქვეყნებში, რაც ჰაერის დაბინძურებასთან ბრძოლის მეთოდებს მოიცავს. მათ შორისაა გადასახადი ავტომობილის სიძველის მიხედვით და მეორე – გარემოს დაბინძურების მაჩვენებლით. მიმაჩნია, რომ კარგი იქნებოდა, გადასახადები ძრავის მოცულობის მიხედვით დაწესდეს. რაც უფრო დიდია ძრავის მოცულობა, ის უფრო მეტად აბინძურებს გარემოს.

რაც შეეხება რაოდენობის მიხედვით გადასახადს, ეს არამიზანშეწონილია, ჯერ ერთი ამას ვინ დაითვლის. გარდა ამისა, ავტომობილის რაოდენობის ზრდას თავისი მიზეზები აქვს. საქართველოში შედეგებს ებრძვიან და არა მიზეზებს. მანქანების რაოდენობის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის პრობლემაა. ასევე უნდა მოწესრიგდეს საქალაქთაშორისო ტრანსპორტი. მნიშვნელოვანი საკითხია – სოციალური მდგომარეობა. ხალხი ცდილობს, ამით ელემენტარული შემოსავალი ჰქონდეთ. თუ ასე მოხდა, ამით სერიოზულ პროტესტს მივიღებთ“, – აცხადებს მესხიშვილი.

როგორც გაირკვა, ავტომობილების რაოდენობის მიხედვით გადასახადის დაწესებაზე ჯერჯერობით მხოლოდ მოსაზრება არსებობს.

პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის წევრი გიორგი ხატიძე ამბობს, რომ ეს ჩანაწერი სავალდებულო დოკუმენტი არ არის. მისი თქმით, გამოთქმულია მოსაზრება, ხომ არ არის მიზანშეწონილი სამი ან მეტი ავტომანქანის ფლობის შემთხვევაში მოსაკრებლის ან გადასახადის დაწესება, რაზეც მსჯელობა უნდა დაიწყოს.

„ნებისმიერი საკითხი, რომელიც დამატებით მოსაკრებელს უკავშირდება, ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის არის ძალიან სენსიტიური საკითხი საზოგადოებისთვის. აქედან გამომდინარე, ჩვენი მიდგომა არის ვიმსჯელოთ და იმავდროულად შევიმუშაოთ ისეთი რეგულაციები, რომ ეს გარკვეულწილად ზედმეტ ეკონომიკურ ტვირთად არ დააწვეთ ჩვენს მოქალაქეებს და ოქროს შუალედი გამოვნახოთ. ავამაღლოთ გარემოს დაცვის სტანდარტები თუმცა ეს არ იყოს ზედმეტი ეკონომიკური ტვირთი ჩვენი მოქალაქეებისთვის“, – ამბობს გიორგი ხატიძე.

ჯერჯერობით ეს იდეა იდეად რჩება. საუბრები ამ საკითხზე გასული წლიდან დაიწყო და ამ დრომდე კანონპროექტის სახე არ მიუღია. განცხადებებიც ამ თემაზე ამ ეტაპზე არ კეთდება და როგორც ექსპერტები ამბობენ, დიდი შანსია, წინასაარჩევნოდ, მოქალაქეები რომ არ გააღიზიანონ, შესაძლოა, იდეა კანონპროექტად არ იქცეს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g