LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დაწყებულია ასეულობით პროექტი, რომელიც დაახლოებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საშუალო ევროპულ დონესთან – ცქიტიშვილი

106
esaaaaa

უკვე დაწყებულია და ბუნებრივია, გაგრძელდება ასეულობით პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს რეგიონებში მცხოვრები ადამიანების ყოფას და დაახლოებს ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურას საშუალო ევროპულ დონესთან,- ამის შესახებ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრობის კანდიდატი მაია ცქიტიშვილი აცხადებს. მისი თქმით, 2024 წლამდე გაგრძელდება და დასრულდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა, რომლებიც ტრანს-ევროპული სატრანსპორტო ქსელის ნაწილია.

„დღეისთვის უკვე აშენებულია 260 კმ-ზე მეტი ჩქაროსნული მაგისტრალი, ხოლო რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის, სამტრედია-გრიგოლეთის, გრიგოლეთი – ჩოლოქის და ბათუმის შემოვლითი გზის და ჩრდილოეთ-სამხრეთ დერეფნის ქვეშეთი-კობის გზის მონაკვეთების დასრულების შემდეგ, 2024 წლამდე დამატებით აშენებული იქნება 200 კილომეტრამდე ავტობანი. დაიწყება ყველა სასაზღვრო-გამშვები პუნქტის მიმართულებით საერთაშორისო მნიშვნელობის ავტომაგისტრალების მშენებლობის პროექტები, მათ შორის, ნატახტარი-ჟინვალის 27კმ-იანი ჩქაროსნული გზისა და ავტომაგისტრალების მშენებლობა ბათუმი-სარფის, თბილისი-სადახლოსა და თბილისი-წითელი ხიდის მიმართულებებით“,- განაცხადა მინისტრობის კანდიდატმა.

მაია ცქიტიშვილის თქმით, გაგრძელდება ჩქაროსნული მაგისტრალების მშენებლობა კახეთის მიმართულებით, მათ შორის, 2021 წელს დასრულდება გურჯაანის შემოვლითი გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის მშენებლობა და დაიწყება ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობა თბილისი-საგარეჯოს 35 კმ-იანი ავტობანი.

„2024 წლისთვის, ქვეყანაში საერთაშორისო მნიშვნელობის გზების 95% და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების 85% იქნება სრულად მოწესრიგებული, რაც სრულად შეცვლის დინამიკას ჩვენს ქვეყანაში. ახალი ჩქაროსნული მაგისტრალები და განახლებული შიდა გზები დაგვაახლოებს ევროკავშირთან და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებთან, შექმნის მეტ შესაძლებობებს რეგიონებში ტურისტების მოსაზიდად, გაადვილებს რეგიონებში წარმოების და სხვა ეკონომიკური საქმიანობის დაწყებას და მოიტანს მეტ დასაქმებას, მეტ სარგებელს რეგიონებში მცხოვრებ თითოეულ ოჯახში“- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g