„საოკუპაციო რეჟიმის მიერ შექმნილ „შავ სიაში“ ის ადამიანები მოხვდნენ, რომლებიც ოკუპირებულ ახალგორში ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში მუშაობენ,“ – ამის შესახებ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა, ნუგზარ თინიკაშვილმა განაცხადა.
მისი ინფორმაციით, დე ფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ე.წ. საბიუჯეტო სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა გაამკაცრეს.
მისი თქმით, ამ ეტაპზე, ოკუპირებული ახალგორის დატოვების უფლებას იქ მცხოვრებ პირებს მხოლოდ სამედიცინო სერვისების მიღების მიზნით აძლევენ, თუმცა, საოკუპაციო რეჟიმმა გარკვეული „შავი სია“ შეადგინა, სადაც იმ ადამიანების გვარებია, ვინც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებას ვერ შეძლებს იმის მიუხედავად, პირადობის დამადასტურებელ რომელ დოკუმენტს ფლობს ან გააჩნია თუ არა ე.წ პროპუსკი.
„აღნიშნულ „შავ სიაში“ ძირითადად ოკუპირებულ ახალგორში მოქმედ ე.წ. საბიუჯეტო ორგანიზაციებში დასაქმებული ადამიანები მოხვდნენ, როგორც ჩანს, დე ფაქტო რეჟიმი შიშობს, რომ საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ამ სამსახურებში დასაქმებულებმა რაიმე ტიპის ინფორმაცია არ გაიტანონ და ამიტომ მათ გადაადგილებაზე შეზღუდვა გაამკაცრეს, რაც საოკუპაციო რეჟიმის მხრიდან ადამიანის ფუნდამენტური უფლებების უგულებელყოფას კიდევ ერთხელ ადასტურებს, ასევე უკიდურესად არაჰუმანიტარულ მიდგომებს, რაზეც საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება, შესაბამის ფორმატში გამართულ ყველა შეხვედრაზე ყურადღებას ამახვილებს,“ – განუცხადა „ინტერპრესნიუსს“ ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა.