საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდიშაური “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის უკრაინაში გამგზავრებას ეხმიანება და ამბობს, რომ პარტიის დე-იურე მმართველი ეახლა ბატონს, ფარაონ მიხეილ სააკაშვილს, რომელიც კრიმინალი და უცხო ქვეყნის მოქალაქეა.
ორწელიწადნახევარია არ მინახავს და არც მას ვუნახივარ – მელია სააკაშვილთან შესახვედრად გაემგზავრა
ღუდუშაურის განცხადებით, დამაკნინებელია, როდესაც ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა უცხო ქვეყნის მოქალაქესთან დირექტივების მოსასმენად ჩადის:
“მოგვწონს თუ არ მოგვწონს პარტია, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია, ეს არის ამ ქვეყნის პოლიტიკური ძალა და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ბრძანდებიან ეს ბატონები და ქალბატონები. თუმცა, ამის მიუხედავად, ვხედავთ, რომ პრაქტიკულად მონურ რეჟიმში, ერთი ნაწილი – რომელმაც თვითონ მოისურვა, რომ მონურ რეჟიმში ყოფილიყო, ვგულისხმობ, “ნაციონალური მოძრაობის” დე-იურე მმართველს, ბატონს მელიას, ეახლა ბატონს, მათ ფარაონს მიხეილ სააკაშვილს, რომელიც არის კრიმინალი და უცხო ქვეყნის მოქალაქე და როგორი დასანახი და დამაკნინებელია, რომ ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური პარტიის ხელმძღვანელობა ჩადის უცხო ქვეყნის მოქალაქესთან, დირექტივების მოსასმენად.
რასაც უბრძანებს სააკაშვილი, “ნაციონალური მოძრაობა” მოიქცევა ისე, ყოველგვარი ფარსია იმაზე საუბარი, თითქოს ვინმეს უნდა დაეკითხონ და ამის მერე მიიღონ გადაწყვეტილება, არავის უნდა დაეკითხონ გარდა ერთი ადამიანისა, რომელიც არის უცხო ქვეყნის მოქალაქე, რამდენიმე განაჩენდამდგარი, კრიმინალი სააკაშვილი.” – აცხადებს უმრავლესობის დეპუტატი.
როგორც ალუდა ღუდუშაურმა თქვა, კითხვაზე, უნდა იყოს თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” პარლამენტში, პასუხი საზოგადოებამ 2020 წლის არჩევნებზე გასცა. მისი თქმით, მიუხედავად საზოგადოების დავალებისა, რომელიც მანდატების გადაცემით გამოიხატა, პარტიამ უარი თქვა და ერთი ადამიანის – სააკაშვილის დიქტატს ექვემდებარება.