LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

De La Soul-ის ჰიპ-ჰოპ ჰანგები ბათუმის ჯაზფესტივალზე

118

29 ივლისს, „ისთერნ ფრომოუშენსისა“ და „TBC Status“-ის ორგანიზებით, ბათუმის ჯაზფესტივალს ამერიკული ჰიპ-ჰოპ ჯგუფი „De La Soul“ ესტუმრა. სამწუხაროდ, ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა ჩამოსვლა ვერ მოახერხა, ამიტომ ტრიოს ნაცვლად სცენაზე დუეტი ვიხილეთ – ვინსენტ მეისონი, იგივე Maseo (რეპერი, პროდიუსერი, დიჯეი) და კელვინ მერსერი (რეპერი და პროდიუსერი), რომელიც უფრო მეტად მისი მეტსახელით Posdnuos არის ცნობილი.

ჯგუფი შოუბიზნესში მოღვაწეობის რამდენიმე ათეულ წელიწადს აღნიშნავს. 2017 წელს ჯგუფი „გრემიზე“ მეექვსედ წარადგინეს, ამჯერად საუკეთესო რეპალბომის კატეგორიაში. „დე ლა სოულს“ ეს პრესტიჟული ჯილდო ერთხელ აქვს მოპოვებული, ჯგუფი „გორილაზთან“ კოლაბორაციისთვის, 2006 წელს.

სანამ „დე ლა სოული“ დაიკავებდა სცენას, დარბაზში შეკრებილი მსმენელის გართობასა და ჯაზური იმპროვიზაციებით განებივრებაზე ძალიან საინტერესო ჯგუფმა  Matthew Hartnett & The Gambo All Stars იზრუნა, რომელმაც მსმენელს თავი გამორჩეული შესრულებით დაამახსოვრა.

დაახლოებით საღამოს ათი საათისთვის ბათუმის ჯაზფესტივალზე ჰიპ-ჰოპის მოსასმენად შეკრებილი მაყურებლის წინაშე „დე ლა სოული“ წარდგა. დიჯეისა და რეპერის მონაწილეობით არა მხოლოდ ძველი და ახალი კომპოზიციები მოვისმინეთ, არამედ მათ ერთგვარ შოუშიც მივიღეთ მონაწილეობა და ყველა ტრეკზე მათივე კარნახით გარკვეული მოძრაობებიც შევასრულეთ.

ბათუმის ჯაზფესტივალს კომპლიმენტი ეკუთვნის, რადგან ბოლო წლების განმავლობაში ამ ჟანრს ყურადღებას აქცევს და მის მსმენელს უყურადღებოდ არ ტოვებს. გვახსოვს ამავე ფესტივალზე სნოპ დოგისა და ბასტა რაიმსის არაჩვეულებრივი გამოსვლები, რომელთა დროსაც კორტებზე ნემსის ჩასაგდებ ადგილსაც ვერ იპოვიდით, ეს განსაკუთრებით, სნუპ დოგის კონცერტს ეხება. როგორც ჩანს, ბათუმის ჯაზფესტივალი ჰიპ-ჰოპის ერთი არტისტის ყოველწლიურად ჩამოყვანას მაინც გეგმავს და ეს ნამდვილად მისასალმებელია, რადგან არც ერთი სხვა ჟანრის წარმომადგენლის კონცერტზე არ იღვრება იმდენი მონდომება, ენერგია და ენთუზიაზმი, როგორც ჰიპ-ჰოპის შემსრულებლების კონცერტებზე – ეს არის სრულიად განსხვავებული პერფორმანსები, გამორჩეული ენერგიით და „დე ლა სოულმა“ ეს კიდევ ერთხელ დაამტკიცა.

Posdnuos მაქსიმალურად ურთიერთობდა აუდიტორიასთან, ჰყვებოდა ჯგუფის ისტორიას, ყურადღება გაამახვილა ახალ ალბომზე, მისი მოსმენისკენ მოგვიწოდა და აღნიშნა, როგორ არტისტებთან ერთად იმუშავეს ახალ კომპოზიციებზე. მისი თქმით, კონცერტზე ყველას უნდა დაევიწყებინა, იცნობდა თუ არა იქ მისვლამდე „დე ლა სოულის“ შემოქმედებას და მაქსიმალური სიამოვნება მიეღო მუსიკისგან. რა თქმა უნდა, დარბაზის უმრავლესობამ მისი რჩევა გაითვალისწინა და ასეც მოიქცა…

კონცერტი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა, მის ბოლოს კი მასეო დაგვპირდა, რომ თავისი კოლეგის დაბადების დღის აღსანიშნავად, მთელ ღამეს დაუკრავდა კლუბში „Take 5“ და მოცემული პირობა შეასრულა. ჰიპ-ჰოპის რიტმები კორტების მიმდებარე ტერიტორიაზე დილამდე ისმოდა…

ნინო მურღულია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g