9 წლის ბიჭზე ძალადობის ბრალდებით 60 წლამდე ასაკის მამაკაცი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება ოჯახში ძალადობის, 126-ე პრიმა მუხლით დაიწყო.
ცნობისთვის, რუსთავში მოზარდზე ძალადობის შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში მოქალაქე რუსკა მჭედლიძემ გაავრცელა.
„9 წლის ბავშვი ეზოში წიხლებით სცემა მამინაცვლის მამამ ათობით ადამიანის და უამრავი ბავშვის თანდასწრებით, მოძალადის ცოლიც ემუქრებოდა მოკვლით, სახლში ძალით წაიყვანეს, ნაცემმა ბავშვმა თავის მეგობრებს უთხრა, 10 წუთში ეზოში თუ არ ჩამოვედი ესე იგი კიდევ მცემენ და პატრულში დარეკეთო.
ერთ-ერთი ჩუმად ავიდა მესამე სართულზე, კარზე ყური მიადო და ტირილის ხმა რომ გაიგო დარეკა პოლიციაში, რუსთავის სამმართველოს პირველ განყოფილებაში ჩვენებაში ბავშვს დააწერინეს, რომ წაიქცა!
დედა მოძალადე მამამთილს ხელს აფარებს და ბავშვს, ბავშვთა სახლში ჩაბარებით ემუქრება, ბავშვის მამა ციხეში ზის, თურმე მამინაცვალსაც უცემია ბევრჯერ და ბავშვს ეშინია, რომ მოკლავენ თუ რამეს იტყვის.
გამანადგურა ამ ამბავმა, მეხვეწებოდა შენთან სახლში წამიყვანეო, ამათთან წასვლა არ მინდაო“. – წერს რუსკა მჭედლიძე სოციალურ ქსელში.