ვაშლიჯვარში, გოძიაშვილის ქუჩაზე 26 წლის ლევან ჯანგულაშვილის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით ახალი დეტალები ხდება ცნობილი. ლევანის მკვლელობაში ბრალდებული მისი უახლოესი მეგობარია, 22 წლის ლ.ტ., რომელიც უკვე დაკავებულია.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ლევანს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბლაგვი საგნით მრავლობითი დაზიანება მიაყენა. შემდეგ, მერვე სართულიდან გადმოაგდო და ცხედრის კვალის წაშლის მიზნით, ცეცხლი წაუკიდა.
დედის თქმით, ლევანი მშვიდი და მოსიყვარულე ადამიანი იყო. მეზობლები და მეგობრები ლევანს გამორჩეულ პიროვნებად ახასიათებენ.
„ყველაზე კეთილი და მშვიდი ადამიანი იყო. დედასთანაც განსაკუთრებული ურთიერთობა ჰქონდა. თბილისში, ვაშლიჯვარში დედასთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა. ყოველთვის დედასთან კონტაქტზე იყო, 12 რიცხვში საღამოს რომ არ გამოჩნდა და დედას არ დაურეკა, მას მერე დავიწყეთ მისი ძებნა. სხვადასხვა ჯგუფებში დავწერეთ, რომ ვეძებდით ლევანს და ფოტო გამოვაქვეყნეთ. ვიცოდით, რომ ბოლოს თავის უბანში იყო. დედა ელაპარაკა ტელეფონზე და უთხრა სახლთან ვარო და რომ მალე ავიდოდა სახლში, ამის შემდეგ ვერ ვპოულობდით. ჯერ ნათესავებთან, მეგობრებთან მოვიკითხეთ, მეორე დღეს პოლიცია ჩაერთეთ და მას შემდეგ ვეძებდით ყველანი. დედა თვითმკვლელობას გამორიცხავდა, სულ იმას იძახდა თავს არ მოიკლავდაო, მართლა ძალიან უყვარდა სიცოცხლე, გეგმებით სავსე იყო და ასე გაიმეტა უახლოესმა მეგობარმა. ეს ტრაგედია ყველასთვის გაუგებარია,“ – აღნიშნავენ ისინი.
ლევანის ცხედარი კახეთში, ბიძის სახლში გადაასვენეს. მომხდარზე გამოძიება გრძელდება.
შსს-ის ცნობით, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას განსაკუთრებული სისასტიკით გულისხმობს.