ევა ართმელაძე 42 წლის დედაზე პოსტს აქვეყნებს. სტატუსიდან ცნობილი ხდება, რომ დედამისი ქორწილში გახდა 15 წლის და არც იქამდე და არც მის შემდეგ მისი დაბადების დღე არ აღნიშნულა, რადგან ვერავინ ვერასდროს მოიცალა მისთვის.
ევას ემოციურ პოსტს უცვლელად გთავაზობთ.
„დედაჩემი გამხდარი, 42 წლის ქალია თავსაფრის ქვეშ შემალული წაბლისფერი თმით. გაცილებით მეტი ქალი, ვიდრე მხოლოდ 4 შვილის დედა.
დედაჩემის დაბადების დღეს ვერ ვიტან. ის 29 მაისს, როცა 15 წლის ხდებოდა ქორწილში იყო. დედაჩემს თეთრი, გრძელი კაბა ეცვა. დედაჩემი ქორწილის დღეს გახდა 15 წლის, რომლის პატარძლობაც დაევალა.
არც მაშინ, არც იქამდე და არც მას შემდეგ არასდროს აღნიშნულა მისი დაბადების დღე. ეს იმიტომ არა, რომ დაბადების დღის აღნიშვნა ან ტორტი არ უყვარს. ეს იმიტომ, რომ ამის შესაძლებლობა არასდროს მიეცა და მით უფრო, ვერავინ ვერასდროს მოიცალა მისთვის.
მხოლოდ ერთხელ, რამდენიმე წლის წინ უყიდა ჩემმა უფროსმა დამ ტორტი, რაზეც გაბრაზდა. წელს, 29 მაისს გაიხსენა ეს ამბავი და აღსარებაც თქვა. გაბრაზდა იმიტომ, რომ ვერ გამოერკვია როგორი რეაქცია უნდა ჰქონოდა. მისი ხმიდან ჩამოსულმა სევდამ ძალიან მაგრად მომეხვია. დედაჩემს გახარებია, მაგრამ ვერ გამოხატა. იგრძნო, მაგრამ ვერ თქვა.
ხანდახან ძალიან მინდება, რომ არ ვიცოდე რამდენი წლისაა დედაჩემი. თვალების ქვეშ უფრო მეტი ნაოჭი აქვს ვიდრე 42 წლის ქალებს. მისი ხელები მოხუცდნენ. ხმა საჭიროზე მეტად ხრინწიანი გაუხდა.
დედაჩემს მოურჩენლად სტკივა ზურგი. ამბობს, რომ ხელებში გაუნელებლად გრძნობს დაჯინჭვრის მსგავს შეგრძნებებს. ფეხებზე ვენები გამობურცული აქვს და კოჭები ხშირად უსივდება. არასდროს ტოვებს ძლიერი თავის ტკივილებიც. დედაჩემი ვერ მიდის ექიმთან, ამის დრო არასდროსაა.
არასდროს პაუზდება ძროხების მოვლის ჯაფა. სახლში საჭმლისა და პურის ქონის მოვალეობა. სოფელში მოურჩენელი შემოდგომაა თითქოს, როცა შედარებით ბევრი საქმე აქვს ხალხს. კი, მოურჩენელი შემოდგომა, რადგან იქ შედარებით ბევრი საქმეა ზამთარშიც, წვიმიან გაზაფხულის დღესაც და ძალიან მზიან ზაფხულის დღეებშიც.
დედაჩემი დაახლოებით მეტრი და 65 სანტიმეტრის სიმაღლისაა, მაგრამ მისი სიმაღლე მოხრილია. შრომამ ხერხემალი მოღრიცა. ძირითადად მუქი ფერის ტანსაცმელს იცმვამს და ფიქრობს, რომ ხალისიანი ფერების დრო მისთვის უკვე წამხდარია. გახსოვთ ხომ, დედაჩემი ჯერ მხოლოდ 42 წლისაა.
რა გვკლავს? არ ვიცი, მაგრამ მხოლოდ სიკვლიდი არ გვკლავს.
მე ვიცნობ ქალებს, რომლებიც დედაჩემის ტოლი არიან. სულ ვფიქრობ, რომ წესით დედაჩემზე სამჯერ პატარები უნდა იყვნენ. შეიძლება მეშლება და დედაჩემი უნდა იყოს მათზე სამჯერ უფროსი. ერთი ასაკის ვერ იქნებიან. არ უნდა იყვნენ. შეუძლებელია.
დედაჩემს ბევრი ჭორფლები აქვს. მიფიქრია, იქნებ ეს ჭორფლები კი არა შემხმარი ცრემლებია-მეთქი. ჭორფლები სახეზე, ლავიწებთან, მთელს ტანსა და ხელებზე. ხელებზე, რომლებიც მოძრაობას ყოველდღე, დილის 5 საათზე იწყებენ და ვერ ჩერდებია. გაჩერების დრო არასდროსაა.
დედაჩემს 4 შვილი ჰყავს და ძალიან ამაყია, რომ ჩემი უფროსი და პირველი იყო ჩვენს უბანში, რომელმაც უნივერსიტეტში ჩააბარა. ეს ნამდვილად მისი დამსახურებაა.
დედაჩემი საოცარი ქალია, მაგრამ მისი ისტორია მის ბუნებას არ დაემსგავსა, რის გამოც ღმერთზე ძალიან გაბრაზებული ვარ.
გაბრაზებული დედაჩემის სახელით ყველა იმ ქალის ამბის გამოც ვარ, რომლებიც მის ბედს იზიარებენ ან კიდევ უფრო უარეს დღეში არიან. ეს ქალები ყოფის აუტანელ ტკივილებს არ უნდა სინჯავდნენ დაუმთავრებლად.
ბევრი ქალის კისერზე ბრუნვს ოჯახის წლიური შემოსავალი, თუმცა მათ ამ ფულთან შეხების საშუალება არასდროს მისცემიათ. ბევრ ქალს 42 წლის მანძილზე არც ერთხელ ჰქონიათ 2 ახალი ზედატანი ან კოლგოტკა. არასდროს წასულან საყიდლებზე. არასდროს უფიქრიათ, „ეს ნამდვილად დავიმსახურე“ და საკუთარი თავისთვის 50 ლარამდე დაუხარჯავთ. იქნებ აგერ უკვე 42 წელია უნდათ გამომშრალი სახის კანისთვის კრემი იყიდონ, რახან მთელი დღე მზისგულზე ტრიალით ყანებში კანი უფრო ეჭიმებათ, სტკივათ.
დედაჩემი და სხვა 42 წლის ქალები გასულ დღეებში, ხვალ, ან რამდენიმე დღეში მთაში წავლენ მემთევრებად. მძულს მთა. მძულს წოდება “მემთევრი“ და მით უფრო, მძულს ყველა ის საქმე, რომელიც მთელი სამი თვე შეუწყვეტლად, ყოველ დღე უნდა აკეთონ. ეს უწყვეტობა აჭკნობთ …
ეს ქალები თითქოს პიანინოები იყვნენ და ყოველ ახალ დღეს მათ ერთ, ახალ კლავიშს უწყდებოდეს ხმა.
მეზიზღება კაცები, რომლებიც იტყვიან „მემთევრობას რა უნდა. დილით და საღამოს მოწველი საქონელს და ეგაა“. კაცები, კვირაში ერთხელ სამეზობლოში დალეულ ყავას რომ ამოანთხევინებენ ქალს.
მეზიზღება სახალხო ზეიმი „შუამთობა“. ყველაფრის რომამტიზებელი ხალხი მოკოხტავებულ ხის სახლებს რომ მიაწყდებიან, მოანაგვიანებენ, კაიმაღით ამოძღებიან და გაიფანტებიან მემთევრები კი მთელი დღე „ფეჩთან“ ტრიალებენ მათთვის დღეში სამჯერ მაგიდის გასაშლელად. ისინი ღრეობენ, წელმოწყვეტილი ქალები წელზე ფეხს იდგავენ.
დე, მაპატიე, რომ ხვალ მემთევრად მიდიხარ. ძალიან, ძალიან არ მინდა ასე იყოს.“ – წერს ევა ართმელაძე, „ბათუმელების“ რეპორტიორი. აღნიშნული ბლოგი მან „ბათუმელების“ საიტზე გამოაქვეყნა.
ჩვენთან საუბარში კი აღნიშნა, რომ ბლოგი ეძღვნება პირველ რიგში დედამისს და ზოგადად დედებს, რომლებიც ადრეულ ასაკში გათხოვდნენ.