LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გეგმის შემუშავების პროცესი დასასრულს უახლოვდება

100

დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების პროცესი დასასრულს უახლოვდება.

გენერალურ გეგმაზე მომუშავე “სიტი ინსტიტუტმა” დოკუმენტი 15 მაისამდე უნდა წარადგინოს, რის შემდეგაც მისი საჯარო განხილვები მოეწყობა.

ეს საკითხი თბილისის მერმა  გენერალური გეგმის განახლებაზე მომუშავე ორგანიზაცია ა(ა)იპ „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ წევრებთან და ექსპერტებთან ერთად განიხილა.

დავით ნარმანიას განცხადებით, განახლებული მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიმართ საზოგადოებაში დიდი მოლოდინია და ეს დოკუმენტი ქალაქის შემდგომი განვითარებისთვის ქმედითი ინსტრუმენტი უნდა გახდეს.

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს „სიტი ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, დედაქალაქის სხვადასხვა არეალების, მათ შორის რეკრეაციული სივრცეების რუკები, სარკინიგზო ქსელის პერსპექტივა, მცირე მდინარეების გახსნისა და მტკვრის გასწვრივ გამწვანებული არეალების მოწყობის სქემა. მომხსენებლებმა ისაუბრეს კომპაქტური ქალაქის პრინციპებზე და პოლიცენტრული განვითარების აუცილებლობაზე. გაიმართა დისკუსიები თბილისის სატრანსპორტო ქსელის განვითარების ხედვაზე, ცალკეული უბნების განაშენიანების პერსპექტივაზე და ქალაქისთვის მნიშვნელოვან სხვა საკითხებზე.

დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლების თემაზე მიმდინარე სამუშაო შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი, ვიცე-მერი ლაშა აბაშიძე, მერის მოადგილე ნატო ქიტიაშვილი, თბილისის არქიტექტურის სამსახურის, იურიდიული, ტრანსპორტის, ეკოლოგიისა და გამწვანების, ეკონომიკური განვითარების, კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოს წევრები.

თბილისის არქიტექტურის სამსახურმა მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის განახლებაზე კონკურსი 2015 წლის 19 მაისს გამოაცხადა, რომელშიც ა(ა)იპი „სითი ინსტიტუტი საქართველომ“ გაიმარჯვა.

“სიტი ინსტიტუტის” გეგმებზე ნახეთ ჩვენი სტატია: ტრამვაის დაბრუნება და ველობილიკების მოწყობა – გენ.გეგმის სატრანსპორტო ინიციატივები

ასევე, თბილისში ახალი პარკები გაჩნდება – გენ.გეგმის მწვანე ნაწილი

magti 5g