ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს ჰერპეტოლოგის, შოთა ზანდუკელის განცხადებით, დედაქალაქში შხამიანი ქვეწარმავლების საფრთხე არ არსებობს.
როგორც შოთა ზანდუკელმა განაცხადა, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები ფოტოებსა და ინფორმაციას ავრცელებენ თბილისში შხამიანი ქვეწარმავლების არსებობის შესახებ, თუმცა, ეს ინფორმაციები სიმართლეს არ შეესაბამება და ამას მათი სამსახურის მიერ აღრიცხული გამოძახებებიც ადასტურებს.
როგორც ჰერპეტოლოგი აცხადებს, შხამიანი გველების პოპულაცია თბილისიდან საკმაოდ მოშორებით, მათთვის ბუნებრივ არეალში ხდება, ხოლო რაც შეეხება დედაქალაქსა და მის მიმდებარე ტერიტორიებს, მათ შორის კუს ტბასა და ლისის ტბას, ასევე გარეუბნებს, იქ მხოლოდ უწყინარი გველხოკერები და ქვეწარმავლები არსებობენ, რომელთაც შხამი არ გააჩნიათ და ადამიანების სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენენ.
ჰერპეტოლოგი მოსახლეობას მოუწოდებს, იმ შემთხვევაში, თუ ქვეწარმავალს დააფიქსირებენ, დარეკონ სამსახურის ცხელ ხაზზე – 424-424, მათი სპეციალისტები ადგილზე მივლენ და დროულ რეაგირებას მოახდენენ.