მაესტრო, ნიკოლოზ რაჭველი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს ავრცელებს და წერს, რომ დღეს მისი დედის გარდაცვალების დღეა.
მაესტრო ამბობს, რომ განსაკუთრებული დღე ჰქონდა და თავის გამომწერებს ამ დღის განმავლობაში მის ცხოვრებაში მომხდარი მოვლენები გაუზიარა:
„დღეს დედას გარდაცვალების დღეა… სევდიანი… მაგრამ ისეთი განსაკუთრებული დღე მქონდა, რომ მომინდა მოვლენები გაგიზიაროთ:
დილით ეროვნულ სიმფონიურ ორკესტრთან და ფენომენ გიორგი გიგაშვილთან ერთად ვირეპეტიციეთ გია ყანჩელის და ალფრედ შნიტკეს ნაწარმოებები, კარგი რეპეტიცია იყო, სიყვარულის გაცვლა ერთმანეთში და კარგი ხარისხით შესრულება! ჩემს რეპეტიციამდე ჩვენი მთ. დირიჟორის და ჩემი უძვირფასესი მეგობრის კახი სოლომნიშვილის შესანიშნავი ინიციატივით ორკესტრმა იმუშავა სამ ახალგაზრდა დირიჟორთან ჰექტორ ბერლიოზის ფანტასტიკური სიმფონიის ფრაგმენტებზე, რათა მომავალში ავირჩიოთ და გამოვზარდოთ მორიგ პროფესიონალ დირიჟორთა თაობა, რაც ძალიან გამოადგება სამშობლოს და მეც ბედნიერი ვიყავი ეს ყველაფერი ჩვენთან რომ ხდებოდა, პარალელურად კი მახსენდებოდა როგორ დახელოვდნენ ჩვენ ორკესტრთან მუშაობით ძალიან ახალგაზრდული ასაკიდან თავად კახი, მირიანი, სოსო, თემური… რეპეტიციის შემდეგ გავიქეცი “სარაჯიშვილის” კონცეპტ-სთორიში, სადაც დანიშნული იყო ჩემი მუსიკალური ვერსიებით გამოცემული ინოლა გურგულიას მუსიკის ალბომისა და ფირფიტის პრეზენტაცია. საკმაოდ ბევრი სტუმარი გვეწვია და იმდენი სასიამოვნო სიტყვები მოვისმინე კინაღამ თავში ამივარდა ნიკოლოზ რაჭველობა:)))
გიორგი ცაგარელმა, ნინი ნუცუბიძემ, ლიზა კერესელიძემ და მე რამდენიმე ასეულ ფირფიტაზე დავტოვეთ ავტოგრაფი (ანა დოი, ჯანგო და ბექა გოჩიაშვილი არ იყვნენ საქართველოში, მაგრამ მათაც მოვეფერეთ და სიყვარული გავუგზავნეთ სამშობლოდან)! პრეზენტაციიდან დავბრუნდი ჩვენი ორკესტრის აუდიტორიაში და დავესწარი ჩემი შვილივით ძვირფასი ფესტივალის “კონტრაპუნქტის” რიგით მეოთხე კონცერტს, რომელშიც მონაწილეობდნენ სანდრო ნებიერიძე, უმაღლესი კლასის და ზე-ნიჭიერების მქონე კომპოზიტორი და პიანისტი ვუნდერკინის ბავშვობით, რომლის აღმომჩენი თუ არა, ფართო აუდიტორიის წინაშე პირველი წარმდგენი ნამდვილად ვიყავი და ამით მუდამ ვიამაყებ! ანდრია ბოლქვაძე, ჩემი უხსოვარი დროიდან მეგობრების ლიას და ზვიადის (გენიალური კომპოზიტორის და დირიჟორის) შვილი, ვუყურებდი და ვუსმენდი ანდრიას და ცრემლები მადგებოდა, მასში ვხედავდი და მესმოდა მომავალი დიდი მუსიკოსის ბგერა და ვხედავდი მუსიკისთვის დაბადებული ადამიანის მზერას… ასეც იქნება, აგერ ნახავთ! გიგი გვეტაძე, რომლის მშობლები დიანა და ავთო ეროვნული ორკესტრის წამყვანი მუსიკოსები იყვნენ და დღეს არც ერთი აღარ არის ამ ქვეყნად, სამაგიეროდ ასეთი შვილი დაგვიტოვეს მუსიკასაც და ჩვენც! მის დედას, დიანა მეტრეველს დასაკრავ პარტიას რომ ვუწერდი ნოტებში ინსტრუმენტის სახელწოდების მითითების ადგილას პირდაპირ მის სახელს ვწერდი, რადგან იყო უნივერსალური და მეც მისთვის ვწერდი… მისი გიგი კი ახლა კიოლნის მუსიკის აკადემიაში სწავლობს და უკვე უმაღლესი კლასის პროფესიონალია, საუკეთესო საუკეთესოთა შორის, მისი ყურებაც საოცრად გულისამაჩუყებელი იყო ჩემთვის, ნეტავ მოსწრებოდენ მშობლები მის გაბრწყინებას … და კონცერტის მთავარი მონაწილე და პროგრამის ავტორი ვადიმი, ჩემი აღმოჩენა, 15 წლის წინ რომ ჩამოვიყვანე საქართველოში და ვინ მოთვლის რამდენი პროექტი გვაქვს ერთად შესრულებული ქართულ, ევროპულ და ამერიკულ სცენებზე… ჩემი მეგობარი, თანამოაზრე და გია ყანჩელის საყვარელი მუსიკოსი, რომელიც მისი მადლიერი იყო საქართველოში სიმფონიური დასარტყამი საკრავების დონის განვითარებაში შეტანილი ფასდაუდებელი წვლილისთვის. ხოდა დღეს ამ გადარეულებმა ისეთი კონცერტი ჩაატარეს რაღაც მომენტში თავი კარნეგი-ჰოლში მეგონა. მერე გავიაზრე, რომ ამ საოცარი ახალი თაობისთვის მაინც მოვახერხეთ და შევძელით ჩვენი ჯაფით და წვალებით გარემონტებული აუდიტორია დაგვეხვედრებინა, რომ ქონდეთ სივრცე, ასეთი დღესასწაულები რომ აკეთონ და გააბედნიერონ მაყურებელი და მსმენელი…
ფესტივალი „კონტრაპუნქტი” ძალიან მაგრად მიდის, უკვე ჩატარებული ოთხივე კონცერტი ერთმანეთს ტოლს ვერ უდებს. ყველა კონცერტზე გაჭედილი დარბაზი ფეხზე მდგომი სტუდენტებით და გულშემატკივრებით…
დავბრუნდი შინ და ჩემს სიხარულს ისევ სევდა შემოერია, სევდა და ბრაზი უფროსი თუ უმცროსი მეგობრების და ასევე სხვა უამრავი პატრიოტი თანამოქალაქეების უსამართლოდ ტყვეობაში ყოფნის გამო და კიდევ სხვა ბევრი უსამართლობის გამო ჩვენს გარშემო რომ სუფევს და არა მხოლოდ გარშემო და არამხოლოდ ჩვენს ქვეყანაში…
და მაინც, დღეს ჩემთვის განსაკუთრებულად დადებითი დღე იყო… ალბათ დედამ მაჩუქა ასეთი კეთილი დღევანდელი დღე იმ ქვეყნიდან, რომ მხნეობა არ დავკარგო და უფრო მეტი შემართებით ვემსახურო მუსიკას და მომავალ თაობას…“ – წერს მაესტრო.
დღეს დედას გარდაცვალების დღეა… სევდიანი… მაგრამ ისეთი განსაკუთრებული დღე მქონდა, რომ მომინდა მოვლენები გაგიზიაროთ:…
Posted by Nikoloz Rachveli on ოთხშაბათი, 24 დეკემბერი, 2025
