LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დედიკო“ – ქალთა გაძლიერებაზე ორიენტირებული სოციალური საწარმო

251
მარიამ ჩაკვეტაძე

სოციალური საწარმო „დედიკო“ 2021 წელს კოვიდ პანდემიით გამოწვეული კრიზისის ფონზე შეიქმნა, კრიზისის, რომელმაც განსაკუთრებულად მარტოხელა დედებზე იმოქმედა. „დედიკომ“, ახალი პროფესიის შეძენასა და დასაქმებასთან ერთად, საჭიროებებზე მორგებული სამუშო გრაფიკი და გარემო სწორედ მარტოხელა დედებს შესთავაზა.

მარიამ ჩაკვეტაძე, სოციალური საწარმოს „დედიკო“ მარკეტინგის მენეჯერი:

– სოციალური საწარმო „დედიკო“ დაფუძნდა ფონდის „კონსტანტა“ მიერ და ის მარტოხელა დედებისა და ოჯახის ასაკოვან ან შრომისუუნარო წევრებზე მზრუნველი შუა ხნის ქალბატონების მხარდასაჭერად შეიქმნა. საწარმოს მიზანია, რომ იმ დედიკოებსა და ქალბატონებს, რომლებიც ყოველდღიურ საზრუნავში იკარგებიან, მიეცეთ განვითარების, ახალი პროფესიის შეძენის შესაძლებლობა. ჩვენ ვცდილობთ, გავაძლიეროთ მათი რწმენა როგორც საკუთარი თავის, ისე საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ჩვენ ვასწავლით კერვას და ამ გზით ვაძლევთ საშუალებას, რომ შეიქმნან ეკონომიკური დამოუკიდებლობა და ღირსეული მომავალი, რაც, ალბათ, ყველა ქალბატონის ოცნებაა.

– რა ტიპის პროდუქციას სთავაზობთ მომხმარებელს?

– უპირველესად, აღვნიშნავ, რომ „დედიკოს“ მიერ შექმნილი ყველა პროდუქტი არის ხელნაკეთი და წარმოადგენს მაღალი ხარისხის ქართულ პროდუქტს. „დედიკოს“ ასორტიმენტში შედის: ზურგჩანთები, რომლებიც იდეალურია როგორც სასკოლოდ, ისე სამოგზაუროდ; ლეპტოპის ჩანთები; გულჩანთები (წელის ჩანთებზეა საუბარი, რომლებსაც ჩვენმა მომხმარებელმა შეურჩია სახელი, როგორც გულით და დიდი სითბოთი შექმნილს და ჩვენც, რა თქმა უნდა, შემოვინახეთ ეს სახელწოდება); საოფისე და საყოფაცხოვრებო ტექსტილი – სუფრები და რანერები, რომლებიც სეზონური დეკორაციებით ფორმდება.

– ცოტა ხნის წინ ახალი ხაზი შესთავაზეთ მომხმარებელს, რა კონცეფციას ეფუძნება ის?

– ვცდილობთ, ჩვენი პროდუქცია მრავალფეროვნებით გამოირჩეოდეს და სწორედ ამ მიზნით, საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG), ევროკავშირის, „პური მსოფლიოსთვის“ (Bread For the World) და გავლენის ფონდის „აქციო“ ფინანსური მხარდაჭერით, შევქმენით ხაზი „მზრუნველი“, რომელიც დედებისა და პატარების საჭიროებებზეა მორგებული. ამ ხაზის იდეა დაიბადა მას შემდეგ, რაც დავფიქრდით, რომ დედიკოებმა ყველაზე უკეთ იციან, რა სჭირდებათ სხვა დედიკოებს, შესაბამისად, ამ ხაზის პროდუქტები გამოირჩევა პრაქტიკულობით. მასში შედის: მრავალფუნქციური ჩანთა, რომელსაც ბევრი ჯიბე და განყოფილება აქვს ჩვილისთვის საჭირო სხვადასხვა პროდუქტის მოსათავსებლად; კენგურუ; სლინგი; სათამაშოების სათავსო; საპიკნიკე ხალიჩა, რომელიც ჩანთად ფორმირდება; რბილი და თბილის ქსოვილისგან შექმნილი პლედები. ერთ სიტყვით, „მზრუნველში“ არის ყველაფერი, რაც მშობლისთვის კომფორტულია გამოსაყენებლად და რაც მშობელს სჭირდება პატარებისთვის ბედნიერი წუთების შესაქმნელად. აქვე დავძენ, რომ ამ ხაზის ეგიდით მოვამზადებთ პროფესიონალი პედიატრებისა და ფსიქოლოგების რეკომენდაციების შემცველ ბლოგებს, რომლებიც ჩვენს პლატფორმებზე განთავსდება. ასევე, დავამზადებთ პატარა საინფორმაციო ბროშურებს, რომლებსაც მომხმარებელს ჩვენი პროდუქტის შეძენისას გავატანთ – ისინი ამ ფორმითაც გაეცნობიან ზემოთ აღნიშნულ რეკომენდაციებს.

– სხვა დედიკოების საჭიროებების გარდა, დედიკოებს ასევე კარგად ესმით ამა თუ იმ პროდუქტის ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაც. აქედან გამომდინარე, ვისაუბროთ „დედიკოს“ საფასო პოლიტიკაზეც, რამდენად ერგებით სამომხმარებლო ბაზარს?

– ზოგადად, ვცდილობთ, რომ მასალები, ქსოვილები, რომლებსაც ჩვენი პროდუქციის დასამზადებლად ვყიდულობთ, იყოს თან მაღალი ხარისხის და თან ძალიან არ აძვირებდეს საბოლოო პროდუქტის ღირებულებას. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეს ყველაფერი ხელით მუშავდება, ყოველგვარი ავტომატიზებული მანქანა-დანადგარების გარეშე. ამ ეტაპზე პარტნიორების ფინანსური დახმარებით ვსაზღვრავთ მისაღებ სარეალიზაციო ფასებს.

გაყიდვის რა არხებით სარგებლობთ?

– ჯერჯერობით მხოლოდ სოციალური ქსელების (Facebook, Instagram) მეშვეობით იყიდება ჩვენი პროდუქცია, მაგრამ უკვე ვმუშაობთ ვებგვერდზე, რათა მომხმარებელს კიდევ უფრო მარტივად შეეძლოს ჩვენი პროდუქციის დათვალიერება და შეძენა. გარდა ამისა, საიტზე იხილავთ „დედიკოსთან“ დაკავშირებულ სიახლეებსაც, ფასდაკლებების შესახებ ინფორმაციას, ვლოგებს, ერთ სიტყვით, ყველაფერი ერთად ჩვენს ოფიციალურ გვერდზე მოიყრის თავს.

– სამომავლო გეგმების დაწყობისას როგორ უმკლავდებით იმ გამოწვევებს, რომლებიც ამჟამად ქვეყანაში არსებობს სოციალურ-ეკონომიკური თვალსაზრისით?

– ეს გამოწვევები, შეფერხებები, ვფიქრობ, სოციალურ საწარმოებზე ყველაზე მეტად აისახება, ამიტომ ცალკეულ ადამიანებსა და კომპანიებს სოციალური პასუხისმგებლობისკენ მინდა მოვუწოდო. როცა სოციალურ საწარმოში შეიძენენ ნივთს, მათ შორის „დედიკოში“, ეს არ არის მხოლოდ ნივთის შეძენა, ისინი ამით ეხმარებიან კონკრეტულ სოციალურ ჯგუფს, ჩვენს შემთხვევაში იმ დედიკოებსა და ქალბატონებს, რომლებიც ცდილობენ, ფინანსურად დამოუკიდებელნი გახდნენ. შესაბამისად, რეალური ცვლილებებისთვის ყველამ ერთად ბევრი უნდა ვიშრომოთ. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად ვეცდებით, რომ მზარდი იყოს ჩვენი ასორტიმენტი – ამჟამად ზღაპრების სერიაზე ვმუშაობთ, რომლებსაც მალე გავუზიარებთ მომხმარებელს. ასევე გვსურს, რომ „დედიკომ“ კორპორაციული მიმართულებით დაიწყოს გაფართოება. ერთი სიტყვით, გავაკეთებთ ყველაფერს, რის საშუალებასაც ქართული ბაზარი მოგვცემს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g