ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი მედიასთან აცხადებს, რომ ის აშშ-ის მიერ სანქცირებულთა სიის ფორმირებაში ჩართული არ ყოფილა და ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს. მისივე თქმით, სანქცია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და ის შეიძლება იყოს ძალიან ეფექტური.
„ჩვენ არ ვმონაწილეობდით უკრაინის სანქციების ფორმირებაში, ამის შესახებ ახლახან შევიტყვე და ინფორმაცია არ მაქვს.
შემიძლია, ვთქვა, რომ სანქციები ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია და შეიძლება, იყოს ეფექტური, როგორც ეს ვნახეთ რუსეთთან მიმართებით. რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ეფექტი სამომავლოდაც ექნება. ჩვენ არ ვაცხადებთ სანქციებს წინასწარ, ვიდრე ისინი არ დაწესდება და სწორედ ამის შემდეგ ხდება მისი გახმაურება“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინის კორუფციასთან ბრძოლის ეროვნული სააგენტოს მიერ სანქციების ნუსხაში შეყვანილია: ბიძინა ივანიშვილი, ალექსანდრე ივანიშვილი, ქეთევან ხარაიძე, გიორგი კაპანაძე, უჩა მამაცაშვილი, ტიტე მამაცაშვილი, ირაკლი რუხაძე, ალექსეი პოლტავჩენკო, ვანო ჩხარტიშვილი, დავით ხიდაშელი, სულხან პაპაშვილი, დიმიტრი კორჟევი, დიმიტრი ტროიცკი, ლევან ვასაძე და ოთარ ფარცხალაძე.