ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ღვთისმსახური, დეკანოზი ფარნავაზ კობიაშვილი გარდაიცვალა. ინფორმაციას „საპატრიარქო უწყებანი“ ავრცელებს.
„დეკანოზი ფარნავაზი მრავალი წლის განმავლობაში ემსახურებოდა დედაეკლესიას. მცხეთის სასულიერო სემინარიის დასრულების შემდეგ, 1988 წელს, იგი ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დადგინდა ერთაწმინდის წმინდა ევსტათი პლაკიდას სახელობის ტაძრის წინამძღვრად, რომელიც მისი დაუღალავი შრომით და თაოსნობით გაიხსნა, მას კასპის მუნიციპალიტეტის მრავალ ტაძარშიც უხდებოდა მსახურება. 1992 წელს გადაყვანილ იქნა თბილისის ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. 2021 წლის 28 მარტს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ეკლესიაში თავდადებული მოღვაწეობისათვის დეკანოზი ფარნავაზი მეორე ჯვრის ტარების უფლებით დააჯილდოვა. იგი სიცოცხლის ბოლომდე ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში მსახურობდა და უდიდესი სიყვარული დატოვა მრევლში.
მამა ფარნავაზი დასვენებულია ნაძალადევის ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში. მას სამშაბათს, 22 ნოემბერს, 14:00 საათზე, ამავე ტაძრის ეზოში დაკრძალავენ.
მწუხარებას გამოვთქვამთ დეკანოზ ფარნავაზის გარდაცვალების გამო და თანავუგრძნობთ განსვენებულის ოჯახს, ახლობლებსა და სამწყსოს.
უფალმა სავანესა მართალთასა დააწესოს მისი უკვდავი სული.გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ახლად შესვენებული დეკანოზი ფარნავაზი“, – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.