გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასა და ძმასთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტზე პროკურატურამ დავით ნაცვლიშვილი დააკავა.
უწყებამ აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
საქართველოს პროკურატურის მიერ, მოწმეზე ზემოქმედების განხორციელების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დავით ნაცვლიშვილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით.
გამოძიებით დადგინდა, რომ 2016 წლის 3 სექტემბერს, დაახლოებით 03:00 საათზე, გარდაცვლილ დემურ სტურუას დედასთან ნონა ჯოჯუასთან საცხოვრებელ სახლში მივიდა მისი ნაცნობი, ნასვამ მდგომარეობაში მყოფი დავით ნაცვლიშვილი და დემურ სტურუას თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეზე ჩვენების შეცვლის მიზნით მასზე და მის შვილზე – მოწმე დავით სტურუაზე განახორციელა იძულება ფიზიკური ძალადობით.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლის მესამე ნაწილით, რაც სასჯელის სახედ და ზომად ხუთიდან რვა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.