LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დევალვაციიდან ინფლაციამდე: ლარის კურსი შესაძლოა 2,6 ნიშნულს გადასცდეს

42

ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებაში ოფიციალურად 2,41-ს, ხოლო სავალუტო ჯიხურებში უკვე 2,54 თეთრს აღწევს. უკვე რამდენიმე თვეა, ლარი ნახტომისებურად უფასურდება. მხოლოდ ზაფხულის განმავლობაში ლარის კურსი 2,24-დან 2,42-მდე გაუფასურდა. ამ ფონზე, ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ წლის ბოლომდე ლარი დოლართან მიმართებაში 2,6 ნიშნულს გადასცდება. მათი ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლებამ უკვე დაამტკიცა, რომ ეკონომიკური გამოწვევევის წინაშე უძლურია.

ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი სოსო არჩვაძე ამბობს, რომ თუ ეკონომიკაში არაფერი შეიცვალა, ხოლო ეროვნული ბანკი და მთავრობა ურთიერთგადაბრალების რეჟიმში იმოქმედებენ, ლარის დევალვაცია ისევ გაგრძელდება. მისი თქმით, ლარის კურსის პროგნოზირება წინასწარ ძალიან რთულია, რადგან ეს ბევრ გარემოებაზეა დამოკიდებული. არჩვაძის თქმით, თუ შეგნებულად არ მოხდა ლარის კურსზე ნეგატიური ფაქტორების ფორმირება, დევალვაცია წინანდელივით მასშტაბური აღარ უნდა იყოს.

ეკონომისტ ლია ელიავას გათვლებით, ალბათობა იმისა, რომ ლარის კურსი ვარდნას გააგრძელებს, ძალიან მაღალია და ეს განპირობებული იქნება ეროვნული ბანკის უმოქმედობით. მისი თქმით, შემოსულ და გასულ ფულად ნაკადებს შორის დისბალანსის მთავარი მიზეზი ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაა, რაც განვითარებადი, ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნებისთვის დამახასიათებელია.
”მსგავსი რამ განმეორდა მეზობელ ქვეყნებშიც, თუმცა ამ ქვეყნების ცენტრალურმა ბანკებმა მოახერხეს ის, რომ ეროვნული ვალუტის გაუფასურებას ნაკლები დარტყმა მოეხდინა მოსახლეობასა და ეკონომიკაზე”, -აცხადებს ელიავა.

სტატისტიკას თუ გადავხედავთ, ერთი წლის განმავლობაში ეროვნული ვალუტა 35%-ით გაუფასურდა საქართველოში, სადაც დოლარიზაციის მაჩვენებელი 62%-ს აჭარბებს. მთავრობასა და ეროვნულ ბანკში ამბობენ, რომ საგარეო შოკი, რომელიც ეროვნული ვალუტის დევალვაციას უწყობდა ხელს, განეიტრალდა, თუმცა რეალური სიტუაცია არ შეცვლილა.

ეკონომისტების ნაწილი განმარტავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი ლარის კურსის დასაბალანსებლად თითს თითზე არ აკარებს. მათი ინფორმაციით, სომხეთში დრამი დაეცა 15%-ით, მაგრამ მარტისა და აპრილის შემდეგ ის სტაბილურია, აზერბაიჯანში ხელისუფლებამ ერთბაშად დააგდო კურსი 33%-ით, ისიც აპრილში, ამის შემდეგ აზერბაიჯანულ მანათს ფეხი აღარ მოუცვლია. ანალიტიკოსები რუსეთის რუბლის დინამიკაზეც კი საუბრობენ და აცხადებენ, რომ იქაც კი ცენტრალური ბანკი ცდილობს, შეარბილოს თავისი ვალუტის ვარდნა ისეთი მონეტარული ინსტრუმენტების გამოყენებით, როგორებიცაა სავალუტო რეფინანსირება, სავალუტო სვოპები და ა.შ.

ეკონომისტები ამბობენ, რომ მალე დევალვაციაზე მეტად აქტუალური გახდება ინფლაცია. სოსო არჩვაძის აზრით, დღის წესრიგში დადგება მეორე უმთავრესი საკითხი – როგორ შეძლებს ქვეყანა გაზრდილ ფასებთან გამკლავებას. ელექტროენერგიის გაძვირების გამო, 1 თვეზე გადაანგარიშებით, მთელ მოსახლეობას 300 მილიონი ლარით მეტის გადახდა მოუწევს, პურის გაძვირების გამო 100 მილიონი ლარით მეტის. ამ დროს ფულადი გზავნილები, რომელზედაც ძალიან ბევრი ოჯახის კეთილდღეობაა დამოკიდებული, დაახლოებით 400 მილიონი დოლარით არის შემცირებული. “მოსახლეობას ხარჯი ეზრდება, შემოსავალი უმცირდება. ქვეყანა სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას”, – ამბობს სოსო არჩვაძე და აღნიშნავს, რომ ქვეყანამ იმპორტის 10%-იანი შემცირება კარგად უნდა გამოიყენოს. ეს ნიშნავს, რომ იმპორტი შემცირდა არა მოცულობაში, არამედ ღირებულებაში – გაიაფდა ნავთობპროდუქტები, ხორცპროდუქტები, მარცვლეული, შაქარი და შესაბამისად, წარმოებას იაფი რესურსის შესაძლებლობა გაუჩნდა.

ეკონომისტების თქმით, ეს უკვე მთავრობაზეა დამოკიდებული, ამ რესურსს მომავალში როგორ გამოიყენებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები