„დევნილთა საარსებო წყაროები: საჭიროებები და მიგნებები“ – ამ საკითხზე იმსჯელებენ „თბილისი მარიოტში“ დევნილთა მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე.
შეხვედრაში მონაწილეობას მიიღებენ დევნილთა სათემო ორგანიზაციების, დევნილთა სფეროში მომუშავე ეროვნული და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა, ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს წარმომადგენლები.
მრგვალი მაგიდის ფარგლებში, თემაზე მომუშავე ორგანიზაციები განიხილავენ ისეთ საკითხებს, როგორიცაა: დევნილთა ამჟამინდელი მდგომარეობა საქართველოში, მათი საჭიროებები და გზები პრობლემის აღმოსაფხვრელად, მხარეების მაქსიმალური ჩართულობა დევნილთა მოსახლეობის საარსებო წყაროების გაზრდისა და განვითარებას ხელშეწყობის მიზნით.
ამასთან, გაიმართება ფონდ „აფხაზეთის“ ბოლო კვლევის პრეზენტაცია, დევნილთა პრობლემებსა და საჭირობებზე.
დევნილთა კვირეულის ფარგლებში, რომელიც 18 ივნისიდან იწყება, ფონდ „აფხაზეთის“ მიერ საქართველოს მასშტაბით დაგეგმილია სხვადასხვა აქტივობები, როგორც დედაქალაქში, ასევე დევნილთა მსხვილ ჩასახლებებში. პირველი ღონისძიება ზუგდიდში დაიწყება და იგი გიგა ოთხოზორიას ხსოვნას მიეძღვნება. ღონისძიებები ასევე ჩატარდება ბათუმსა და თბილისში.
გაერთიანებული ერების გენერალური ასამბლეის მიერ დევნილთა მსოფლიო დღე 2000 წლიდან აღინიშნება. მას 2001 წლიდან საქართველოც შეუერთდა და იგი ყოველწლიურად 20 ივნისს აღინიშნება. ღონისძიების ორგანიზატორია საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი „აფხაზეთი“ (CHCA) და დანიის ლტოლვილთა საბჭო (DRC).
დევნილთა დღისადმი დაგეგმილი ღონისძიებები საქართველოში ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ტარდება.