LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეიდან კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადავდივართ” – ონკოპაციენტების ნაწილი პრემიერთან შეხვედრას ითხოვს

152
ონკოპაციენტები

ონკოპაციენტების ნაწილი პროტესტს განაგრძობს.

აქციის მონაწილეები მკურნალობისთვის გამოყოფილი 25 ათას ლარიანი ლიმიტის გაუქმებას და მათთვის სამკურნალო მედიკამენტების დეფიციტის აღმოფხვრას მოითხოვენ.

პროტესტის მონაწილეებმა დღეს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის სახელზე კანცელარიაში განცხადება შეიტანეს და მასთან შეხვედრა მოითხოვეს.

„ჩვენ დღეიდან, კანცელარიასთან უწყვეტი პროტესტის რეჟიმში გადავდივართ, მანამ სანამ პრემიერ-მინისტრი პირადად არ შეგვხვდება”, – განუცხადა ჟურნალისტებს, „კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელმა, გვანცა აფხაიძემ.

აფხაიძის განცხადებით, მხოლოდ პრემიერს  შეუძლია მათი დახმარება. მანვე იმედი გამოთქვა,რომ ირაკლი კობახიძე აქციის მონაწილეთა მოთხოვნაზე სწრაფ რეაგირებას მოახდენს.

„25 000 ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით“ – მიხეილ სარჯველაძე

„კავშირი სიცოცხლისთვის” დამფუძნებელი ასევე გამოეხმაურა გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც 25 000-ლარიანი ლიმიტის კალკულაციიდან ცალკე იქნება გამოტანილი ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. მისი თქმით, ეს მხოლოდ  მცირე რაოდენობის ონკოპაციენტისთვის არის წინ გადადგმული ნაბიჯი.

„ერთიანი სურათი ამით არ შეცვლილა. ლოდინის დრო უბრალოდ არ გვაქვს. ჩვენი მოთხოვნაა, რომ ყველა ონკოპაციენტის სიცოცხლისთვის ხელმისაწვდომი იყოს ყველა აუცილებელი მედიკამენტი და არა განსაზღვრული რაოდენობა. ძალიან კარგად ვიცით, რომ 13 და 21 მედიკამენტი სრული სიმსივნეების სპექტრისთვის დამაკმაყოფილებელი არ არის და ვერც იქნება. ამიტომ, ყველა მედიკამენტი უნდა შედიოდეს დაფინანსების პროგრამაში. იმედი მაქვს, რომ ირაკლი კობახიძე სწრაფ რეაგირებას მოახდენს და პრობლემებს მოგვიგვარებს”,- განაცხადა გვანცა აფხაიძემ.

შეგახსენებთ, 5 აპრილს, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა, რომ 25 000-ლარიანი ლიმიტიდან ცალკე გამოიყოფა ონკოლოგიური მედიკამენტები, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამისი სახელმწიფო პროგრამით. სარჯველაძის განმარტებით, პრაქტიკულად გამოირიცხება იმის შესაძლებლობა, რომ რომელიმე პაციენტისთვის ლიმიტის გამო ხელმიუწვდომელი გახდეს სახელმწიფოს დაფინანსებული მკურნალობის სრული კურსი.

„რა წამსაც გაფორმდება ახალი ნორმატივები, იმ ონკოპაციენტებს, რომლებსაც უკვე ამოწურული ჰქონდათ 25 000 ლარიანი ლიმიტი, ახალი რეჟიმით ექნებათ ამ ლიმიტით სარგებლობის შესაძლებლობა“ – მიხეილ სარჯველაძე

ცნობისთვის, ონკოლოგიური დაავადებების მქონე პაციენტები უკვე რამდენიმე თვეა მკურნალობის სრულად დაფინანსებას და მოქმედი პროგრამის – წლიურად 25 000 ლარიანი ლიმიტის მოხსნას ითხოვენ. აქციის მონაწილეთა მოთხოვნებში შედის მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტების ბაზარზე შემოტანა და დაფინანსების დროულად მიღების უზრუნველყოფა.

პოპულალურები