თბილისის მერმა კახა კალაძემ, საზოგადოებას მეტროსადგურებში ახალი ვაგონების გაშვების შესახებ აცნობა. როგორც კალაძემ აღნიშნა, განახლებული ვაგონები მგზავრებისთვის და მემანქანეებისთვისაც უფრო კომფორტულია. თბილისის მერმა სიახლე საზოგადოებას “ლაივ ჩართვის” მეშვეობით გლდანის დეპოდან შეატყობინა. მან დაათვალიერა, როგორც მგზავრების ასევე, მემანქანის განყოფილება.
“დასრულდა გლდანის დეპოში ორი შემადგენლობის რეაბილიტაცია. დღეს პირველად გადის ის ხაზზე. რეაბილიტირებული ვაგონები ულამაზესია, მათ სრული, კაპიტალური რემონტი ჩაუტარდა. ეს ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მეტროთი მგზავრობა იყოს უფრო კომფორტული,” – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერის თქმით, ბოლო წლის განმავლობაში, მეტროში მგზავრთა რაოდენობა 25%-ით გაიზარდა, ამიტომ მეტროში შემადგენლობები კიდევ უნდა დაამატონ, პიკის საათებში მოცდის დროის შესამცირებლად.
“ახალი შემადგენლობის დამატებით გვინდა, რომ 2.5 წუთამდე ჩამოვიყვანოთ მოცდის დრო, განსაკუთრებით პიკის საათებში,” – განაცხადა კალაძემ.
მერმა დააანონსა, რომ მომდევნო დღეებში, კიდევ სხვა სიახლეებს აცნობებს საზოგადოებას. მანვე აღნიშნა, რომ საოზგადოებრივი ტრანსპორტის მოწესრიგება რჩება ერთერთ მთავარ პრიორიტეტად და ავტობუსების განახლებასთან დაკავშირებით დაპირება, წლის ბოლომდე შესრულდება.
ასევე მისი თქმით, წლის ბოლომდე მოხდება ყველა მეტროსადგურის რეაბილიტაცია.
