დღეიდან საქართველოდან ლიეტუვაში ჩასული მგზავრები 14-დღიან სავალდებულო თვითიზოლაციას დაექვემდებარებიან.
ინფორმაციას ლიეტუვაში საქართველოს საელჩო ავრცელებს. მგზავრებმა ქვეყნის საზღვარზე ბოლო 72 საათის განმავლობაში კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხიც უნდა წარადგინონ. გარდა ამისა, ყველა მგზავრი ვალდებულია შეავსოს ლიეტუვის ეროვნული ჯანმრთელობის ცენტრის ვებგვერდზე განთავსებული სპეციალური ელექტრონული ანკეტა და მიღებული დასტური (ე.წ. QR კოდი) სატრანსპორტო საშუალებაში ჩასხდომის დროს წარადგინოს-ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოდან ჩასული მგზავრებისთვის 10 დღიანი თვითიზოლაციის ვალდებულება 19 სექტემბერიდან დააწესა ლატვიამაც. ორივე ქვეყანაში შეზღუდვები იმ სახელმწიფოებს დაუწესდა, სადაც ბოლო 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული 100 000 მოსახლეზე 25 შემთხვევას აღემატება.
„ლიეტუვის მთავრობა ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, პერიოდულად აახლებს იმ ქვეყნების სიას, სადაც ვირუსის მაღალი გავრცელების რისკია (თუ უკანასკნელი 14 დღის განმავლობაში ვირუსის გავრცელების ნიშნული აღემატება 25 შემთხვევას 100 000 მოსახლეზე) და შესაბამისად, ამ ქვეყნებიდან მოგზაურობის შემთხვევაში საჭიროა სავალდებულო იზოლაციის გავლა, ასევე, საზღვრის კვეთისას კორონავირუსზე ჩატარებული ტესტის უარყოფითი პასუხის წარდგენა.
იზოლაციის 14-დღიანი პერიოდი შესაძლებელია შემცირებული იქნას 10 დღემდე თუ იზოლაციის არაუადრეს მე-8 დღეს პირს ჩაუტარდება ტესტი კორონავირუსზე“, – ნათქვამია ლიეტუვაში საქართველოს საელჩოს განცხადებაში.