LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეიდან საქართველოში კლინიკების დაფინანსების მექანიზმი იცვლება – რას ნიშნავს DRG-სისტემა

234
635fdc304850a

დღეიდან, ჯანდაცვის სამინისტრო კლინიკების დაფინანსების სისტემას ცვლის და სამედიცინო დაწესებულებები DRG-ის, იგივე მომსახურების დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფების დაფინანსების მოდელზე გადაჰყავს.

თუ აქამდე სახელმწიფო კლინიკას კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას, 1 ნოემბრიდან პაციენტისთვის გაწეული მომსახურება დიაგნოზის მიხედვით ანაზღაურდება.

DRG სისტემით დაფინანსების მოცულობას პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს.

როგორც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, ილია ღუდუშაურმა განმარტავს, ცალკეული მომსახურებისთვის კლინიკებს პაციენტებისთვის დამატებითი ანაზღაურების მოთხოვნის უფლება აღარ ექნება.

DRG სისტემის დანერგვის შემდეგ, სამედიცინო მომსახურების მიღებისას, პაციენტი მხოლოდ იმ თანხას გადაიხდის, რასაც საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, თანაგადახდის წილი ითვალისწინებს (0-დან 30%-მდე, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის პაკეტების შესაბამისად).

„ DRG-ის პრინციპი გულისხმობს იმას, რომ პაციენტს დაფინანსება დიაგნოზის მიხედვით უნაზღაურდება. შესაბამისად, კონკრეტულ დიაგნოზზე განსაზღვრული არის კონკრეტული ტარიფი, არ აქვს მნიშვნელობა რა ჩარევა სჭირდება, ოპერაცია, რეანიმაცია თუ ა.შ. ყველა ეს ჩარევა უნდა გაკეთდეს და სახელმწიფო დიაგნოზის მიხედვით უხდის.

იცვლება მხოლოდ გადახდის პრინციპი. გადახდის პრინციპი არის ურთიერთობა კლინიკებსა და სახელმწიფოს შორის, პაციენტისთვის არაფერი იცვლება გარდა იმისა, რომ სახელმწიფო ადგენს ახალი თამაშის პირობებს კლინიკებისთვის. თუ დღემდე კლინიკას შეეძლო, რომ მოეთხოვა პაციენტისთვის თანაგადახდის გარდა დამატებითი დაფინანსება, მას შემდეგ რაც ახალი მოდელი ამოქმედდება, ამის უფლება კლინიკას აღარ ექნება”, – განაცხადა ღუდუშაურმა.

ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, DRG სისტემა არ გავრცელდება და დაფინანსება გაგრძელდება არსებული მეთოდით შემდეგ სამედიცინო მომსახურებაზე:

  1. გეგმური დაგადაუდებელი ამბულატორია
  2. ნეონატალური ასაკის (ნეონატალურ ასაკში დაწყებული) ინტენსიური მოვლა/მკურნალობა
  3. გულის თანდაყოლილი მანკების მკურნალობა
  4. მშობიარობა / საკეისრო კვეთა
  5. ქიმიოთერაპია, ჰორმონოთერაპია და სხივური თერაპია და მასთან დაკავშირებული გამოკვლევები და მედიკამენტები
  6. კომბუსტიოლოგია
  7. თრომბოლიზისი და თრომბექტომია, ინსულტის შემთხვევაში
  8. სხვა მაღალტექნოლოგიური სამედიცინო მომსახურება

ცნობისთვის, აღნიშნული მოდელი მხოლოდ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას ეხება და არ ვრცელდება კერძო სადაზღვევო კომპანიებსა და კლინიკებზე. აღნიშნულ პროგრამამდე სახელმწიფო ჰოსპიტალს კონკრეტულ შემთხვევაზე დადგენილი ტარიფების მიხედვით უხდიდა ანაზღაურებას.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები