თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი ეხმიანება ზაზა სარალიძის განცხადებას, რომელიც მან კახა კალაძის მისამართით გააკეთა და ბრალი დასდო, რომ მან საკუთარი ძმა მოაკვლევინა. ხიდაშელი ამბობს, რომ უსამართლობის წინააღმდეგ იბრძოლებს, თუმცა სარალიძის ასეთი განცხადების შემდეგ მის გვერდით დგომა გაუჭირდება.
“51-ე სკოლის მკვლელობის საქმეზე სიმართლის დადგენა, დამნაშავის პოვნა და დასჯა ქვეყანაში არსებულ ყველა პრობლემაზე უფრო უპირატესი და მნიშვნელოვანია ჩემთვის. შუა ქალაქში, ყველას თვალწინ მოკლული ორი არასრულწლოვანის საქმის მიფუჩეჩების, გაყალბების, ვინმესთვის ხელის დაფარების მცდელობა ყველაზე დიდი ბოროტებაა და მარტო მათ ოჯახებს არა, მთელს ქვეყანას კლავს. სახელმწიფოს კლავს, დანიშნულებას, ფუნქციას. აზრს უკარგავს ყველაფერ დანარჩენს. დაუცველობა, და შემდეგ მკვლევის მიმართ სახელმწიფოს შემწყნარებლობით გამოწვეული შიში ყველაზე დიდი უბედურებაა, რომელიც მოქალაქესა და სახელმწიფოს შორის უფსკრულს აჩენს და ყოველ გამოუძიებელ დღეს აღრმავებს. შემდეგ ყველა გარდაუვალად ამ უფსკრულში გადავიჩეხებით. ამიტომ ყველა მშობლის გვერდით ვიდგები, სიმართლის საპოვნელად და ხვალ ჩემი შვილის დასაცავად.
მაგრამ, არავითარი, აბსოლუტურად არავითარი გამართლება არ აქვს იმას რაც დღეს მოვისმინე: “მაგან თავისი ძმა მოაკვლევინა”, ძალიან მძიმე მოსასმენია, მძიმე საყურებელი, მძიმედ მოსანელებელი. ზაზა სარალიძის მსგავსი მშობლები ჩვენს გაუბედურებულ და იმედდაკარგულ ქვეყანაში გმირობის მაგალითები არიან, მითთან მაღალი ხარისხის სოლიდარობა ქვეყნის გადარჩენისთვის საზოგადოების კონსოლიდაციის საშუალებაა. დღესაც მგონია რომ ირინა ენუქუძემ თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი როლი ითამაშე ქვეყნის უფსკრულში საბოლოოდ გადაჩეხვის არ დაშვებაში. სამწუხაროდ ეს ზაზა სალარიძემ ვერ შეძლო.
მე ისევ მასთან ერთად ვიბრძოლებ უსამართლობის წინააღმდეგ, მაგრამ ძალიან, ძალიან გამიჭირდება მის გვერდით დგომა დღევანდელის შემდეგ – წერს ხიდაშელი
შეგახსენებთ, თბილისის მერმა კახა კალაძემ “ქართული ოცნების” განცხადებაში ხორავას საქმის შესახებაც ილაპარაკა. მისი თქმით, ეს ტრაგედია ნაციონალური მოძრაობის მიერ დეტალურად დაგეგმილი და ორკესტრირებული პროტესტის ტალღად გადაიქცა. ამ განცხადებამ მოკლული მოზარდის დავით სარალიძის მამის პროტესტი გამოიწვია.
კალაძეს არ რცხვენია? ოთხი შვილის მამა ყოფილა მით უმეტეს? თუ თავისნაირი ნაგავი უნდა გაზარდოს ის შვილები? მარა კალაძეს რა უნდა ველაპარაკო, საკუთარი ძმა მოაკვლევინა“, – უთხრა სარალიძემ ჟურნალისტებს.
