„საქართველოს ეკონომიკას რომ არ იცნობთ, ამას არ გითვლით მინუსად, არაუშავს, გაიცნობთ,“ – ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, რომან გოცირიძემ ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატს, გიორგი ქობულიას.
გოცირიძის თქმით, დეპუტატებმა და საზოგადოებამ არაფერი იციან გიორგი ქობულიას შეაახებ, მათ შორის არც ის, საიდან მოვიდა პოლიტიკაში.
„დღემდე თქვენ არავინ გიცნობდათ, არაფერი ვიცით, საიდან გაჩნდით და გაჩნდა თქვენი კანდიდატურა, რატომ უნდა გენდოთ? იცნობთ ბიძინა ივანიშვილს და რა შეხება გქონიათ მასთან? იცნობთ თუ არა პრემიერს, საიდან მოხვდით აქ?“ – მიმართა რომან გოცირიძემ ქობულიას.
გოცირიძის ამ შეკითხვას „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ირაკლი შიოლაშვილის რეპლიკა მოჰყვა. მან ოპოზიციონერ დეპუტატებს მიმართა, რომ თავის დროზე, როცა მათ ეკონომიკის მინისტრად ვერა ქობალია წარადგინეს, საზოგადოება არც მას იცნობდა.