LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს არის ნამდვილად დიდი ეროვნული, ევროპული გამარჯვების დღე… გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება” – თინა ბოკუჩავა

110
თინა ბოკუჩავა

„დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა”– ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა აღნიშნული განცხადება Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ ჟურნალისტებთან გააკეთა.

ბოკუჩავას თქმით, დღეს გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა და „ქართული ოცნება” დამარცხდა.

„დღეს არის ძალიან დიდი გამარჯვების დღე. დღეს არის ნამდვილად დიდი ეროვნული, ევროპული გამარჯვების დღე. მოხდა სწორედ ის, რასაც ვპროგნოზირებდით მრავალი თვის, მრავალი კვირის მანძილზე და მთელი დღის განმავლობაში, რომ მიუხედავად ბიულეტენების ჩაყრისა, მიუხედავად ძალადობისა გაიმარჯვა ევროპამ და გაიმარჯვა საქართველომ. დღეს არ გაიმარჯვა რომელიმე ერთმა პარტიამ, გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა მომავალმა, გაიმარჯვა ოპოზიციამ და დამარცხდა “ქართული ოცნება,” ბიძინა ივანიშვილის დრო დასრულდა და ეს ვნახეთ ჩვენ იმ ეგზიტპოლებში, რომელიც ახლა გამოქვეყნდა.

ქართველმა ხალხმა ამ ისტორიულ არჩევნებზე გააკეთა არჩევანი კოალიციურ მთავრობაზე, კოალიციურ ხელისუფლებაზე. ჩვენ ამ ნდობას, რომელიც მივიღეთ ქართველი ხალხისგან, ვეპყრობით ძალიან დიდი პასუხისმგებლობით, შესაბამისად, უმოკლეს დროში, სხვა ოპოზიციურ პარტიებთან ერთად, რომლებმაც გადალახეს საარჩევნო ბარიერი, დავიწყებთ მოლაპარაკებებს კოალიციური მთავრობის ფორმირებაზე, რომელიც ჩვენს ქვეყანას აუცილებლად შეიყვანს ევროკავშირში.

აქვე, მინდა ხაზი გავუსვა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის როლს. ძალიან მნიშვნელოვანია ის ქართული ქარტია, რომელსაც ყველა ოპოზიციურმა პარტიამ, რომელმაც მიიღო ქართველი ხალხის ნდობა და ხელისუფლების მანდატი, არის ამავდროულად ხელმომწერი ქართული ქარტიის, შესაბამისად, დიდი იმედი მაქვს, რომ ასევე უმოკლეს დროში პრეზიდენტ ზურაბიშვილის ჩართულობით შეიქმნება პროცესი ქართული ქარტიის ირგვლივ იმისთვის, რომ დაკომპლექტდეს მთავრობა და ჩვენი ქვეყანა დაბრუნდეს ევროპული განვითარების გზაზე.

როგორც ნახეთ, ეგზიტპოლში განსხვავება არის ძალიან დიდი, ოპოზიციამ დიდი უპირატესობით მოიგო, 10%-იანი უპირატესობით მოიგო ოპოზიციამ და დარწმუნებული ვარ, რომ საარჩევნო შედეგებში, რომელიც სულ რამდენიმე საათში მოვა, ეს უპირატესობა ოპოზიციისთვის კიდევ უფრო დიდი იქნება და შესაბამისად, კიდევ უფრო დიდი იქნება ჩვენი საერთო ეროვნული, ევროპული გამარჯვება.

დიდი მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც მივიდა და გააკეთა ევროპული არჩევანი” – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა – ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ – 8,2 %

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g