LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს

129
357345121_234467239430162_5423075820042607706_n

დღეს დილით საოკუპაციო ძალებმა საქართველოს 6 მოქალაქე უკანონოდ დააკავეს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა სამი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე სუსის 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოს 6 მოქალაქის დაკავება უკვე დადასტურებულია, ამოქმედებულია ცხელი ხაზი და ჩართული არიან საერთაშორისო პარტნიორები.

„საანგარიშო პერიოდში, ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს – 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი.

საერთო ჯამში, 2022 წლის დასასრულს, უკანონო პატიმრობაში იმყოფებოდა საქართველოს 9 მოქალაქე. აქვე მინდა კიდევ ერთი სამწუხარო ფაქტი გითხრათ, რომ დღეს დილით მოხდა კიდევ 6 ჩვენი თანამოქალაქის უკანონო დაკავება საოკუპაციო ძალების მიერ. გააქტიურებულია ცხელი ხაზი, ჩართულები არიან ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. დადასტურებულია უკვე მათი დაკავება და ველოდებით მოვლენების შემდგომ განვითარებას. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს ადამიანები რაც შეიძლება მალე დაუბრუნდნენ თავიან ოჯახებს“,- განაცხადა ალექსი ბატიაშვილმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, საოკუპაციო ძალა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესს აქტიურად განაგრძობს – კერძოდ, 2022 წელს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ბორდერიზაციის – 69, ხოლო აფხაზეთის მიმართულებით 9 შემთხვევა დაფიქსირდა.

ამასთან, სუსის ცნობით, უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორ ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში. დაფიქსირდა საოკუპაციო ხაზზე ვიდეოკამერების დაყენების ფაქტებიც.

გარდა ამისა, როგორც სუს-ი აცხადებს, 2022 წლის განმავლობაში ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უკანონოდ დააკავეს 44, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 13 პირი, მათ შორის საყურადღებოა ე.წ. ჯაშუშობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქის დაკავების ფაქტი. ასევე დაფიქსირდა, ეთნიკური ქართველების „გამოკითხვაზე“ დაბარების, დაშინებისა და შევიწროების შემთხვევები. პარლამენტი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2022 წლის საქმიანობის ანგარიშს იხილავს. დოკუმენტი სუს-ის უფროსის პირველმა მოადგილემ ალექსი ბატიაშვილმა პარლამენტის სამი კომიტეტის – თავდაცვისა და უშიშროების, იურიდიულ საკითხთა და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე წარადგინა.

magti 5g