LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს ფინალია: ისტორია ამბობს, რომ საფრანგეთი მოიგებს

84

დღეს ევროპის ჩემპიონატის ფინალია. მთავარ მატჩში მასპინძელი საფრანგეთი პორტუგალიას ხვდება. ფრანგებმა ორჯერ მიიღეს დიდი ტურნირი და ორივეჯერ ტრიუმფით დაასრულეს. 1984 წელს ევროპის პირველობა მოიგეს (ფინალში ესპანეთს 2:0 მოუგეს), ხოლო 1998 წელს მსოფლიო (ბრაზილიას 3:0 აჯობეს). ამ საღამოსაც საფრანგეთი მიიჩნევა ფავორიტად, ბუქმეკერებიც სწორედ მასპინძელთა წარმატებას ვარაუდობენ, თუმცა ევროპის ჩემპიონატებზე ხშირად მომხდარა, როდესაც პროგნოზები არ გამართლებულა და გამარჯვება იმ გუნდს უზეიმია, ვისგანაც ამას ნაკლებად მოელოდნენ. რა მოხდება მოედანზე, მალე ვნახავთ, მანამდე კი ციფრებს მივმართოთ და ვნახოთ რას ამბობენ ისინი.

საფრანგეთმა და პორტუგალიამ ერთმანეთში 24 მატჩი გამართეს. სამფეროვნებმა 18 შეხვედრა მოიგეს, ხუთი პორტუგალიამ, ერთი კი ფრედ დასრულდა;

ბოლოს პორტუგალიამ საფრანგეთს 1975 წლის 26 აპრილს მოუგო ამხანაგურ მატჩში. მომდევნო ათ თამაშში ფრანგებმა იმარჯვეს;

პორტუგალიის ნაკრები დიდი ტურნირის ფინალში მეორედ მიიღებს მონაწილეობას. ევრო 2014-ის გადამწყვეტ მატჩში მასპინძელმა პორტუგალიამ საბერძნეთთან 0:1 წააგო;

პორტუგალიამ ჯგუფში სამივე მატჩი ფრედ ითამაშა. მხოლოდ 1982 წლის მუნდიალზე იტალიამ მოახერხა ტურნირის მოგება, როდესაც პირველი სამი თამაში ფრედ დაასრულა;

პორტუგალია 13 მატჩია არ აგებს ფერნანდუ სანტუშის ხელმძღვანელობით;

მხოლოდ შვიდ ფეხბურთელს აქვს მოგებული ერთ კალენდარულ წელს ჩემპიონთა ლიგა და ევროპის პირველობა – ლუის სუარესი (ინტერი და ესპანეთის ნაკრები 1964 წ) ჰანს ვან ბრიოკელენი, ბერი ვან არლე, რონალდ კუმანი და ჰერალდ ვანენბურგი (პსვ და ჰოლანდია, 1988), ხუან მატა და ფერნანდო ტორესი (ჩელსი და ესპანეთი, 2012). ამ სიას შესაძლოა პეპე და კრიშტიანო რონალდო შეურთდნენ;

საფრანგეთის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში თამაშობდა და ორივე მოიგო (1984 და 2000 წწ);

საფრანგეთი 18 მატჩია დაუმარცხებელია დიდ ტურნირებზე, რომელიც მის ტერიტორიაზე ტარდებოდა. ფრანგების ბოლო წაგება 1960 წლის 9 ივლისზე მოდის, როდესაც მათ ჩეხოსლოვაკიასთან წააგეს;

დიდიე დეშამი შესაძლოა მეორე ადამიანი გახდეს ისტორიაში, რომელსაც ევრო მოგებული ექნება როგორც ფეხბურთელის, ასევე მწვრთნელის რანგში. ადრე ეს გერმანელმა ბერტი ფოგთსმა გააკეთა (1972 და 1996 წწ).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g