LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „ღამის სერენადები“ ბორჯომში გალა კონცერტით გაიხსნება

474
ღამის სერენადები

ფესტივალი „ღამის სერენადები“ დღეს, ქალაქ ბორჯომში სასტუმრო „ბორჯომი
ლიკანში“, 19:00 საათზე გალა კონცერტით გაიხსნება.

გახსნის საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საერთაშორისო აღიარების მქონე იტალიელი ბანდონეონისტი მარიო სტეფანო პიეტროდარკი, ასევე მარიამ ბუგიანიშვილი – ვოკალი, საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“, პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე. გალა კონცერტზე შესრულდება: ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის – ღამის პატარა სერენადა სოლ მაჟორი, K525; ნინო როტას – მიძღვნა ფედერიკო ფელინის; რობერტო დი მარინოს – მედიტაცია Tango Trentino; ასტორ პიაცოლას – ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი – ზაფხული, Milonga del Angel; ბუენოს-აირესის წელიწადის დრონი – შემოდგომა, Vuelvo al Sur Libertango.

ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 20 აგვისტოდან
11 ოქტომბრის ჩათვლით გაიმართება. ფესტივალის ორგანიზატორები საზოგადოებას ექვს დაუვიწყარ კონცერტს შესთავაზებენ ბორჯომში, ბათუმსა და თბილისში.

წლევანდელ ფესტივალში მონაწილეობას მიიღებენ მსოფლიოში აღიარებული ქართველი და უცხოელი ვარსკვლავები, ასევე ახალგაზრდა ნიჭიერი მუსიკოსები: ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; Balletto Di Roma – საბალეტო დასი, იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; ნელო სალცა – საყვირი, იტალია; სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო; ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი საფრანგეთი; მორის შტეგერი – ბლოკ ფლეიტა, შვეიცარია; თამარ ლიჩელი – ფორტეპიანო, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

რაც შეეხება საფესტივალო პროგრამას, 22 აგვისტოს ფესტივალი ქალაქ ბათუმში ილია
ჭავჭავაძის სახელობის დრამატულ თეატრში გადაინაცვლებს, სადაც მსმენელს არტისტები მსოფლიო კინოს ლეგენდის ენიო მორიკონეს მუსიკალურ სამყაროში ამოგზაურებენ. „მორიკონე – კინოს ლეგენდა” – ასე ჰქვია კონცერტს, რომელშიც მონაწილეობენ: ნელო სალცა – საყვირი, იტალია; სოფო ხალვაში – ვოკალი, საქართველო; გიორგი შიოლაშვილი – ფორტეპიანო, საქართველო; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

საკონცერტო პროგრამაშია ენიო მორიკონეს მუსიკა კინოფილმებისთვის: “ერთხელ ამერიკაში“ (1984), „სიცილიური კლანი” (1969), “ეჭვგარეშე მყოფი მოქალაქის საქმის გამოძიება” (1970), „კალიფა” (1970), “მალენა” (2000), “ერთხელ ველურ დასავლეთში” (1968), “ახალი კინოთეატრი პარადიზო” (1988), “ლეგენდა პიანისტზე” (1998)

„ღამის სერენადები” 24 აგვისტოს ბათუმში გაგრძელდება კონცეერტით “ვივალდის
ციებ-ცხელება”, რომელიც შესანიშნავი კომპოზიტორის შემოქმედებას მიეძღვნება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან: ანდრეს გაბეტა – ვიოლინო/დირიჟორი, საფრანგეთი; მორის შტეგერი – ბლოკ-ფლეიტა, შვეიცარია; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე); სპეციალური მოწვევით – მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. შესრულდება ანტონიო ვივალდის – ფლეიტის კონცერტი სოლ მინორი, RV439 “ღამე”; ფლეიტის კონცერტი რე მაჟორი, RV 428 “Il Gardellino”; ფლეიტის კონცერტი სი-ბემოლ მაჟორი, RV 375; სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, RV 208 “Grosso Mogul”; სავიოლინო კონცერტი დო მაჟორი, RV 190; კონცერტი ლა მინორი, თხზ.3 №8, RV522.

26 აგვისტოს ქალაქ ბათუმში წარმოდგენილი იქნება კონცერტი სახელწოდებით “ტანგოს
სული”. დაუკრავენ მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია; თამარ ლიჩელი –
ფორტეპიანო, საქართველო; კვინტეტი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო – ლელა მჭედლიძე). საკონცერტო პროგრამაშია: ასტორ პიაცოლა – Le Grand Tango; Adios Nonino;
მარტინ პალმერი – ოთხი სეზონი; რობერტო მოლინელი – ტრიპტიქი; იგორ სტრავინსკი – ტანგო; ანხელ ვილოლდო – El Choclo.

ფესტივალი 9 ოქტომბერს თბილისში გაგრძელდება. მსმენელის წინაშე წარსდგებიან ბეატრიჩე ვენეცი – დირიჟორი, იტალია; ვერიკო ჭუმბურიძე – ვიოლინო, საქართველო/თურქეთი; ფესტივალის საბაზო ორკესტრი “საქართველოს ვირტუოზები” (პირველი ვიოლინო ლელა მჭედლიძე).

შესრულდება იოჰანეს ბრამსის – სავიოლინო კონცერტი რე მაჟორი, თხზ.77 (არანჟ. ილან რეხტმანი); პეტრე ჩაიკოვსკის – სერენადა სიმებიანი საკრავებისთვის დო მაჟორი, თხზ. 48.
11 ოქტომბერს ფესტივალი ასტორ პიაცოლას მიეძღვნება. “ასტორი – ტანგოს საუკუნე” – ასე
ჰქვის კონცერტს, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ: Balletto Di Roma – საბალეტო დასი,
იტალია; მარიო სტეფანო პიეტროდარკი – ბანდონეონი, იტალია. კონცერტზე ასტორ პიაცოლას უკვდავი ნაწარმოებები შესრულდება.

„ღამის სერენადების“ კონცერტების დასაწყისი 20:00 საათია.

ფესტივალის განმავლობაში გაიმართება ქართველი მხატვრების გამოფენები, დარგობრივი
მასტერკლასები და ვორქშოპები მოსწავლე ახალგაზრდებისა და შშმ/სსსმ პირებისთვის.
საერთაშორისო ფესტივალი “ღამის სერენადები”, რომელიც მსოფლიოში ახელგანთქმულმა
მევიოლინემ და დირიჟორმა ლიანა ისაკაძემ 1982 წელს დააარსა საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში, ჩვენი ქვეყნის ყველაზე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ტრადიციული ფესტივალია.

წელს ფესტივალს ლიანა ისაკაძის სახელი მიენიჭა.
ფესტივალის ორგანიზატორია კომპანია არტ ალიანსი, ფესტივალის დირექტორი – ნინა
ცაგარელი, 2018 წლიდან ფესტივალის სამხატვრო ხელმძღვანელია გიორგი ისაკაძე – მუსიკოსი და პედაგოგი, ინგოლშტადტში მუსიკისა და ცეკვის აკადემიის და სკოლის დამფუძნებელი და დირექტორი, ლიანა ისაკაძის ძმისშვილი.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან: საქართველოს კულტურის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, აჭარის კულტურის სამინისტრო, ქალაქ ბათუმის მერია, ქალაქ ბორჯომის მერია, იტალიის საელჩო საქართველოში.

მასპინძელი სასტუმროები: სასტუმრო „ბორჯომი ლიკანი“, „ჰილტონ გარდენ ინნ“ თბილისი,
„ქორთიარდ თბილისი მარიოტი“.

ფესტივალის სპონსორი კომპანიები: მცენარეული კოსმეტიკის ფუძემდებელი საფრანგეთიდან “ივ როშე”, ნატურალური კოსმეტიკის ქართული წარმოების ბრენდი “პიელ ნატურალსი”, ღვინის კომპანია “პავილიონ ვაინსი”, “პსპ”, ავეჯის სახლი “ნიტა”.
ფესტივალის პარტნიორი: თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური
სამუსიკო სკოლა “ნიჭიერთა ათწლედი”.

ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი,
საქართველოს პირველი არხი, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, ტელეკომპანია “იმედი”, “პოს ტვ”,
„ევრონიუს ჯორჯია”, Billboard Georgia, საპატრიარქოს ტელევიზია “ერთსულოვნება”, მედია და ციფრული კომუნიკაციების სააგენტო “კლიპ არტი”, “პალიტრა მედია”, საინფორმაციო სააგენტო „პრაიმ ტაიმი”, “ჯორჯიან პრესი”, ინგლისურენოვანი გაზეთი “Georgia Today”, ინგლისურენოვანი ყოველდღიური გაზეთი “Messenger”, ჟურნალი “სარკე”, გაზეთი “აჭარა”, ონლაინ მედია „აჭარა თაიმსი”, რადიო “ფორტუნა” და ვებ პლატფორმა “ფორტუნა.ჯი”.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g