LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„დღეს იქნება თუ ხვალ ომიკრონის ახალი ვარიანტი შემოვა საქართველოში“ – გიორგი კამკამიძე

284
BeFunky-collage (2)

„დღეს იქნება თუ ხვალ ომიკრონის ახალი ვარიანტი, რა საკვირველია, შემოაღწევს საქართველოში, თუ უკვე არ არის,“ – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა გიორგი კამკამიძემ რადიო „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ქვეყანაში ტესტირების პროცენტი დაბალია, შესაბამისად, არაა გამორიცხული, რომ საქართველოში ომიკრონის ახალი ქვე ვარიანტი უკვე შემოვიდა კიდეც.

„ის გაცილებით სწრაფად ვრცელდება და ეს არ არის გასაკვირი, ვინაიდან ყველა ახალი ქვე ვარიანტი, რომელიც იკავებს დომინანტურ ადგილს გამოირჩევა იმით, რომ სხვა წინამორბედ ვარიანტებთან შედარებით, უფრო სწრაფად ვრცელდება, თუმცა ჯერჯერობით არ არის მონაცემები, რომ ის უფრო მძიმედ მიმდინარეობს. სამწუხაროდ, ძალიან დაბალია ტესტირების პროცენტი. შესაბამისად, ვერანაირად ვერ დავადასტურებ იმას, რომ ჯერჯერობით არ არის ეს ვარიანტი შემოსული საქართველოში.

ვინაიდან, ძალიან ბევრი ადამიანი შემოდის, აშშ-დან, ევროპიდან, თუნდაც ჩინეთიდან, შესაბამისად, არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, უკვე არის თუ არა ეს ქვე ვარიანტი საქართველოში. თუმცა ადრე თუ გვიან, დღეს იქნება თუ ხვალ ომიკრონის ახალი ვარიანტი, რა საკვირველია, შემოვა საქართველოში, თუ უკვე არ არის.

ეს გასათვალისწინებელია არა იმ კუთხით, რომ რაიმე უფრო მძიმე შემთხვევებთან გვექნება საქმე, არამედ, თვითონ რაოდენობრივ მაჩვენებელთან დაკავშირებით,” – აღნიშნა კამკამიძემ.

„ფორტუნას“ კითხვაზე, რამდენად იმოქმედებს ვაქცინები ომიკრონის ახალ ქვე ვარიანტზე გიორგი კამკამიძემ განმარტა:

„ორჯერადი ვაქცინაცია ნაკლებად იცავს ომიკრონისგან, ბუსტერ დოზა დადგენილია, რომ არის ძალიან ეფექტური ომიკრონის საწინააღმდეგოდ. განსაკუთრებით, მძიმე და ლეტალური შემთხვევების პრევენციის თვალსაზრისით.

რა საკვირველია, არის ახალი ვაქცინაც, რომელიც არის ორკომპონენტიანი, ის მოიცავს, როგორც ძველ ვირუსებს, ისე ომიკრონის ვარიანტის საწინააღმდეგოდ არის შექმნილი.

თუმცა, სამწუხაროდ, საქართველოში არ არის შემოტანილი ეს ვაქცინა. ბევრ ქვეყანაში არის უკვე. დასავლეთ ევროპაში, აშშ-ში უკვე გამოიყენება.

ამიტომ ერთ-ერთი პირველი ამოცანა, დღესდღეობით რაც დგას ჩვენ წინაშე არის ამ ახალი ვაქცინის რაც შეიძლება სწრაფად შემოტანა,“ – აღნიშნა გიორგი კამკამიძემ „ფორტუნას“ ეთერში გადაცემაში „დღის თემა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g