დღეს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც მთავრობის განახლებული შემადგენლობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხზე იმსჯელებენ.
საკანონმდებლო ორგანოში პრემიერმინისტრობის კანდიდატი, გუნდთან ერთად წარდგება. მამუკა ბახტაძე პარლამენტს სამთავრობო პროგრამას გააცნობს, რის შემდეგაც გაიმართება კითხვა-პასუხი და სიტყვით გამოსვლები კომიტეტების, ფრაქციების, უმრავლესობისა და უმცირესობის ფარგლებში. ამის შემდეგ კენჭისყრაზე მთავრობისა და სამთავრობო პროგრამისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი დადგება.
პარლამენტში ნდობის მისაღებად წარდგენილ მთავრობის განახლებულ შემადგენლობაში პრემიერმინისტრობის კანდიდატის გარდა, მინისტრობის სამი ახალი კანდიდატია. საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე წარდგენილია დავით ზალკალიანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის თანამდებობაზე გიორგი ჩერქეზიშვილი, ხოლო ფინანსთა მინისტრად ნიკოლოზ გაგუა. ზალკალიანი, ჩერქეზიშვილი და გაგუა შესაბამის უწყებებში მინისტრის მოადგილეების პოსტებს იკავებდნენ.
ყველა სხვა უწყების ხელმძღვანელად წარდგენილი არიან მინისტრობის კანდიდატები, რომლებიც სამინისტროებს აქამდე ხელმძღვანელობდნენ.
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა 12:00 საათზე დაიწყება.
ამასთან, როგორც ცნობილია, პარლამენტს უახლოეს სამ კვირაში სტრუქტურულად და პერსონალურად შეცვლილი მთავრობის შემადგენლობა წარედგინება და მთავრობა ნდობის მისაღებად პარლამენტში კიდევ ერთხელ მივა.
გუშინ მინისტრობის კანდიდატებს და სამთავრობო პროგრამას გაერთიანებულ კომიტეტებზე, ფრაქციებში, უმცირესობასა და უმრავლესობაში მოუსმინეს.