დღეს აქ შეკრებით ვამბობთ, რომ ხვალ ამ შენობის შიგნით რაც არ უნდა შეიკრიბონ, ეს არის თვითმარქვია ადამიანების შეკრება და ჩვენი მხრიდან არასდროს ექნება ლეგიტიმაცია და ნდობა! – ამის შესახებ „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, სამომავლო ნაბიჯების შესახებ ნელ-ნელა გამოაცხადებენ.
„ბევრი ძნელბედობის პერიოდი გავიარეთ, მაგრამ აქ იმისთვის ვდგავართ, რომ აუცილებლად მივიყვანოთ ეს ბრძოლა ბოლომდე. რაც არ უნდა მოხდეს, როგორც არ უნდა მოიქცეს თვითმარქვია “ქართული ოცნება”, ჩვენ ჩვენს სათქმელს ყოველთვის ვიტყვით, ბოლომდე მივიყვანთ. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ აქ ვართ, ღამეც აქ დავდგებით, ვაჩვენებთ, რომ უშრეტი ენერგია გვაქვს! ძალა, რომ წინ წავიდეთ! მთელი ღამე ვართ აქ! გარკვეულ პერიოდში გამოვაცხადებთ გარკვეულ ნაბიჯებს, თუ რას შემოგთავაზებთ, რომ გადავდგათ.
ყავა-ჩაი გვექნება, საკვების მოტანას შევეცდებით. იცით, რომ შსს პრობლემას გვიქმნის, რათა სრულფასოვნად გავმართოთ აქ სისტემა, რათა ღამე დარჩენის პრობლემა არ გვქონდეს. ყველა შესაძლებლობა გვაქვს, რომ ღამის გათენების პრობლემა არ გვქონდეს”, – აღნიშნა ვაშაძემ.