დღეს ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე საზეიმოდ აინთება.
ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თბილისში საახალწლო ღონისძიებები წელს განსხვავებულ ფორმატში გაიმართება. საახალწლო სოფელი არ გაიხსნება, აღნიშნული თანხა კი, დედაქალაქში მცხოვრები შეჭირვებული ოჯახების დახმარებას მოხმარდება. საახალწლო კონცერტები თბილისში 31 დეკემბერს, 6 და 14 იანვარს გაიმართება და პირდაპირ ეთერში გადაიცემა.
„ჩვენი ქვეყნის მთავარი ნაძვის ხე 17 დეკემბერს აინთება. ვიცი, რომ ბევრი პატარა ელოდება ამ დღეს და მინდა, მათ და მათ მშობლებს მივმართო: მოემზადონ და ტელეეკრანებიდან მათ ექნებათ შესაძლებლობა, იხილონ ნაძვის ხის ანთების ღონისძიება. რაც შეეხება შემდეგ ღონისძიებებს, გვექნება რამდენიმე კონცერტი. 31 დეკემბერს გაიმართება კონცერტი, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემა. ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას ექნება მისი ნახვის შესაძლებლობა. მასში მონაწილეობას მიიღებენ სოლო შემსრულებლები, ბენდები, ანსამბლები, კლასიკური ჟანრის შემსრულებლები და მსახიობები. სცენაზე უმეტესად ახალგაზრდები იქნებიან წარმოდგენილნი, ხოლო მაღალი რისკის მქონე ასაკოვანი შემსრულებლები საკუთარი, საახალწლოდ მოწყობილი სახლის ფანჯრებიდან, აივნებიდან და ტერასებიდან ჩაერთვებიან. ჩართვებში ასევე, გამოჩნდებიან საზოგადოებისთვის ცნობილი და საყვარელი მომღერლები. გარდა ამისა, კონცერტები გაიმართება 6 და 14 იანვარს“, – განაცხადა კახა კალაძემ.