დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმის არსებითად შემსწავლელი კომისიის შექმნას მოითხოვს, ამის შესახებ დეკანოზი სოციალურ ქსელში წერს.
დეკანოზი აცხადებს, რომ კომისია აუცილებლად უნდა შეიქმნას და მისი სხდომა ღია უნდა იყოს.
„ზუსტად რვა წლის წინ, 2017 წლის 10 თებერვალს თავს საზარელი განსაცდელი დამატყდა. ამ თარიღამდე არც კი გამიაზრებია, როგორი შეიძლება ყოფილიყო რეალურ ცხოვრებაში ადამიანის მიერ დაგეგმილი სასტიკი მზაკვრობა; რა დონემდე და რა შინაარსამდე შეიძლება მიეღწია ცილისწამებას; სადამდე შეიძლება გაეწირათ უდანაშაულო ადამიანი… ტყვეობაში ყოფნის შვიდმა წელმა ამ ყველაფერზე მკაფიო პასუხი გამცა.
დღეს, როცა სარკეში მიწევს ჩახედვა, ეტლში მჯდომ პარალიზებულ, აღარც თუ ისე ახალგაზრდა მამაკაცს ვუყურებ, რომელიც პრინციპში აღარც ჰგავს ჩემს თავს.
ბევრი ბუნდოვანებაა დღეს ჩემს თვალსაწიერში, უამრავი კითხვის ნიშანი და “მაგრამ”, თუმცა როგორც ჩანს, დიდი განსაცდელი პიროვნების ღირებულებათა სისტემაში აყალიბებს რკინა-ბეტონივით მყარ პოზიციებს, ამიტომ დღეს ე.წ. “ციანიდის საქმის” 8 წლის თავზე, უკვე საპყრობილის მიღმა მყოფი ღიად მოვითხოვ 2017 წლის 11 ოქტომბრის სინოდის გადაწყვეტილების აღსრულებას – შეიქმას ე.წ. ” ციანიდის საქმის” არსებითად შემსწავლელი კომისია (უმჯობესი კი საეკლესიო სასამართლოს აღდგენაა), თუმცა ამ სიბინძურის დამკვეთები, რომელთა ნაწილიც სამწუხაროდ დღემდე რჩებიან საპატრიარქოს ადმინისტრაციაში ყველაფერს აკეთებენ, რათა ამ კომისიამ (მიუხედავად იმისა, რომ არც არაფერს შეისწავლის) არ დაიწყოს ფუნქციონირება, რაც უკიდეგანო შიშის ფაქტორიდანაა გამოწვეული, რადგან მიმაჩნია, რომ თითოეული სხდომა ღია უნდა იყოს.
მიუხედავად ამისა მუდმივად ვეკითხები თავს, გამაჩნია თუ არა მიზანი, მიზანი რომელიც ჩემი ყველა ნაბიჯისა და ქმედების განმსაზღვრელი იყო და რომელიც არ მაძლევდა საშუალებას, დავნებებოდი ან შევგუებოდი უსამართლობასა და უკეთურებას.
პასუხი ცალსახაა დიახ-რისთვისაც უმნიშვნელოვანესია ღიაობის პრინციპი ( სამწუხაროდ ხელისუფლება განუსაზღვრელი ვადით მიზღუდავს ჩემი საქმის ირგვლივ საუბარს, თუმცა ყოველგვარი შოუს დადგმის გარეშე ვცდილობ სხვადასხვა ნაბიჯების გადადგმას მიზნის მისაღწევად) ამისათვის კი უპირველესად აუცილებელია:
- არაფრის დიდებით არ გატყდე, წინააღმდეგ შემთხვებაში ბოლომდე გაგანადგურებენ;
- ბოროტ ძალას დაუპირისპირე, მხოლოდ სიმართლე, სიცრუე შენს ბრძოლას დაასუსტებს;
- დააფასე ადამიანები, რომლებიც შენ, დაჩაგრულს და გათელილს გვერდით გიდგანან და რომელნიც არა ერთი უსამართლობის მსხვერპლნი გახდნენ-ისინი წუთისოფელში ანგელოზთა როლს ასრულებენ.
მიფიქრია ხშირად განსაკუთრებით ბოლო პერიოდში რა დროს ჩემს საკითხზე საუბარია, მაშინ როცა ჩვენი ქალაქების ქუჩებში ახალგაზრდებსა და არა მარტო მათ უნადგურებენ მომავალს, თუმცა არა – ჩვენ უსამართლობის მსხვერპლმა ადამიანებმა უფრო ხშირად და მეტი უნდა ვისაუბროთ იმ უბედურებაზე, რომელიც ჩვენ გადავიტანეთ და რომელიც ნელ-ნელა თითქმის ყველას უახლოვდება.
ჩემი საპყრობილეში ჩაგდების რვა წლის თავზე მინდოდა თქვენთვის გამეზიარებინა აზრები რომელნიც დროთა განმავლობაში სულ უფრო და უფრო იკავებს თავის ადგილს და მომავალში კიდევ ბევრჯერ მოგახსენებთ სათქმელს, თუკი რა თქმა უნდა თავს არ შეგაწყენთ”, – წერს გიორგი მამალაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლომ დეკანოზ გიორგი მამალაძეს 2017 წლის 5 სექტემბერს 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სასამართლომ გიორგი მამალაძე პატრიარქ ილია მეორის მდივან–რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში სცნო დამნაშავედ. გიორგი მამალაძე ბრალს არ აღიარებდა.
გიორგი მამალაძე ციხიდან 2024 წლის 14 თებერვალს გაათავისუფლეს.