LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დღეს „წითელი პარასკევია”: ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება

701
gardamoxsna6-cr-721x405

დღეს „წითელი პარასკევია“. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში გარდამოხსნის წესი შესრულდება.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე გარდამოხსნის წესს ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში შეასრულებს. მსახურება 14:00 საათზე დაიწყება.

ამ დღეს ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს.

დიდი პარასკევი დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღეა. ამ დღეს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან, სახარების თანახმად, ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება და ჩვეულებრივ, 14:00 საათზე აღევნილება, რადგან ბიბლიური ლიტერატურით, იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი – “საფლავი”, საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში ჩასვენებული მაცხოვარია გამოსახული.

გარდამოხსნას უწმინდესი სასულიერო პირებთან ერთად საკურთხევლიდან გამოაბრძანებს, მას ტაძარში სამჯერ შემოატარებენ და ტაძრის შუაგულში სადგამზე დააბრძანებენ.

შესრულდება საგალობლები, რომლებიც იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. ამის შემდეგ, სამღვდელოება და მლოცველები გარდამოხსნის წინაშე დიდ მეტანიას ასრულებენ და მას ეამბორებიან.

გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება, რაც იმის სიმბოლოა, რომ მაცხოვარი აღდგომამდე სწორედ სამი დღე იყო საფლავში.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები