ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ვარლამ გოლეთიანის დღევანდელ განცხადებას ეხმაურება 26 მაისის აქციასთან დაკავშირებით.
ვარლამ გოლეთიანმა დღეს საზოგადოებას მოუწოდა საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს, ზეიმის ნაცვლად, მათ აქციას შეუერთდნენ.
26 მაისს აღლუმის ნაცვლად მოდით ჩვენთან: ვარლამ გოლეთიანი
„მახსოვს, 2006 წელს, ოპოზიციის აქციაზე გაისმა მოწოდება, აღლუმი ჩავშალოთო და ვთვლიდი რომ ძალიან არასახელწმიფოებრივი განცხადება იყო. დღესაც იგივეს ვფიქრობ. მე რომ გავდიოდე რუსთაველზე, აუცილებლად წავიდოდი აღლუმზე.
მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის ხელისუფლებაში, აღლუმი, კონკრეტული თარიღები, სიმბოლიკები ხელუხლებელია. ვერანაირი აქცია ვერ იქნება დამოუკიდებლობის დღის საპირწონე”, – წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.
შეგახსენებთ, რიონის ხეობის მცველები თბილისში კვლავ აქციებსა და ქუჩების პიკეტირებას აანონსებენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს ოთხი ძირითადი მოთხოვნა აქვთ:
- შეწყდეს 2019 წ. 25 აპრილს ხელმოწერილი ხელშეკრულება საქართველოს მთავრობასა და კომპანია „ენკა რინიუებლზს“ შორის მდინარე რიონზე დაგეგმილი ნამოხვანის ჰესების კასკადის მშენებლობის შესახებ, ასევე კომპანიამ დატოვოს რიონის ხეობა;
- გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის #2405 განკარგულება “სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს “ენკა რინიუებლზისათვის” აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების შესახებ”;
- გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული სამშენებლო ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტი;
- თანამდებობიდან გადადგეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა და დადგეს ყველა იმ პირის პასუხსიმგებლობის საკითხი, რომლებიც ხელს აწერენ ჰესთან დაკავშირებულ დოკუმენტებს.
ვიბრძოლებთ, ვიდრე შედეგს არ მივიღებთ, 25 მაისს ხელისუფლებას გაცილებით მეტ ძალას ვაჩვენებთ: გოლეთიანი
