მსოფლიოში ცნობილი საოპერო მომღერალი – თეონა დვალი ,,არტ Fm”-ის ონლაინ სტუმარია. რადიო ,,ფორტუნას” და თათა სადრაძის საავტორო გადაცემას თეონა იტალიიდან ჩაერთო.
მივესალმები თქვენს მსმენელს, იტალია შევიდა მეორე ფაზაში, გაიხსნა სამუშაო დაწესებულებები, ჩემი მეუღლეც ახლა იმყოფება თავის ოფისში და ნელ-ნელა იტალია უბრუნდება ჩვეულ ცხოვრებას.
ყველაზე დიდ ეპიცენტრში იმყოფები, მოგვიყევი რა ხდებოდა მაშინ, როდესაც სიტუაცია დამძიმდა?
სამწუხაროდ, როდესაც ეს პანდემია დაიწყო, ვხვდებოდი, რომ რთულ ამბავთან გვექნებოდა საქმე, ამიტომ წავედი და აფთიაქიდან ყველაფერი მოვიმარაგე. ამდენი ნიღბის და ხელთათმანის ყიდვის გამო ჩემი მეუღლე დამცინოდა, თავიდან იტალიელები სრული სერიოზულობით ამ ამბავს ვერ მოეკიდნენ, ვერ იაზრებდნენ, რომ საქმე აქამდე მოვიდოდა. ჩვენ ვცხოვრობთ ცენტრალურ იტალიაში და აქ შედარებით სიმშვიდე იყო. ორი თვეა სახლიდან არ გავსულვართ. დღეს ვიყავი მხოლოდ გასული, ბავშვი მყავდა აცრაზე. გავდივართ მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. ვართ სრულიად მარტოები სახლში, არც დამლაგებელი და არც ძიძა აღარ გვყავს. როდესაც სუპერმარკეტში გასვლა გვინდოდა, მხოლოდ ერთ ადამიანს ჰქონდა ამის უფლება, ისიც მარკეტი სახლთან ახლოს უნდა ყოფილიყო. ახლანდელი ვითარება ჯერ არ ვიცით, თუმცა, შედარებით მშვიდდება სიტუაცია. დაგეგმილი მქონდა საქართველოში ჩამოსვლა აპრილში, აღდგომისთვის, თუმცა ჩამეშალა, დიდი იმედი მაქვს რომ მალე დაგიბრუნდებით.
თვითიზოლაციის პერიოდში რაიმე ახალი ხომ არ აღმოაჩინე შენში?
სხვა გზა არ მქონდა და ძალიან შემიყვარდა სამზარეულოში ფუსფუსი, რაც ჩემი თავისგან ცოტა გამიკვირდა. ჩემი ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე ამას ვერასდროს ვახერხებდი და ხშირად გარეთ კვება მიწევდა. ძალიან შემიყვარდა მომზადების პროცესი, ძირითადად იტალიურ კერძებს ვამზადებ.

რას ურჩევ ჩვენს მაყურებელს, რომელ ფილმს, სერიალს, სიმღერას თუ წიგნს?
ეს ყველაფერი ერთად რაც ჩამოთვალე არის გადასარევი, ყველაფერს ვასწრებ, ვვარჯიშობ კიდეც. ძალიან გამიმართლა, რომ არაჩვეულებრივი შვილი მყავს, რადგან არის საოცრად წყნარი, უყვარს მუსიკა. დღის განმავლობაში აუცილებლად ვმეცადინეობ და მეორე ოთახიდან ჩემი შვილიც ბანს მაძლევს (იცინის) და ასე ვირთობთ თავს.
ვიცით, რომ შენი მეუღლე ქართულად კარგად საუბრობს და წერს კიდეც, ეს შენი დამსახურებაა?
ქართულის სწავლა ჩემი იდეა არ ყოფილა, რადგან ყველამ ვიცით, რომ განსაკუთრებულად რთულია მისი შესწავლა, თავად გამოთქვა სურვილი. ორი-სამი დღე ვისხედით და ვსწავლობდით ანბანს, კარგად წერს, კარგადაც კითხულობს, როდესაც ჩემს მშობლებს ვესაუბრებით ყველაფერს იგებს, ამიტომ თარგმნაც აღარ მჭირდება.
არის თუ არა რაიმე ღონისძიება, რომელზეც ისევ მიმდინარეობს მოლაპარაკება?
სამომავლო გეგმებს რაც შეეხება, სოლო კონცერტიც კი მქონდა დაგეგმილი, ასევე უნდა მქონოდა სპექტაკლი, დაპატიჟებული ვიყავი ვერონაში არენაზე, თუმცა ეს ყველაფერი გამიუქმდა. ყველა სფერო ძალიან დაიჩაგრა ამ პანდემიის გამო, თუმცა, ღმერთის იმედი მაქვს, რომ ყველაფერი მალე დამთავრდება და კარგად იქნება. ყველას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ძალიან გთხოვთ დავრჩეთ სახლში.