LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიაბეტის პირველი ნიშნები ბავშვებში – ენდოკრინოლოგი ნინო ხელაძე გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ რისკებსა და გამოსავალზე საუბრობს

2468
ნინო-ხელაძე

„დიაბეტი ბავშვთა ასაკში, მაპროვოცირებელი ფაქტორები და საყურადღებო სიმპტომები, პრობლემის მართვის და მკურნალობის მეთოდები“ – ამ და სხვა საინტერესო თემებზე ნატა ხარაშვილის გადაცემაში „სტუმრად ექიმთან“ „იაშვილის ბავშვთა საავადმყოფოს“ ენდოკრინოლოგიისა და დიაბეტის ცენტრის ხელმძღვანელმა – ნინო ხელაძემ ისაუბრა.

ქალბატონო ნინო, ვისაუბროთ დიაბეტი ტიპი ერთზე და დიაბეტი ტიპი ორზე ბავშვთა ასაკში, რა განსხვავებაა მათ შორის და რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ მშობელმა იცოდეს, რა ტიპის დიაბეტი აქვს ბავშვს?

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ეპოქაში, როცა ბავშვთა და მოზარდთა დიაბეტზე საუბრისას, მარტო ტიპი ერთ დიაბეტზე აღარ ვსაუბრობთ, რადგან უკვე, დიაბეტი ტიპი ორის შემთხვევებიც არც თუ ისე იშვიათია და პროგნოზის მიხედვით, ის კიდევ უფრო გახშირდება. ამ ორი ტიპის დიაბეტის მექანიზმი სრულიად განსხვავებულია.

პირველი ტიპის დიაბეტის დროს, აბსოლუტურად დაზიანებულია პანკრეასის უჯრედები, ავტოიმუნური პროცესის მიერ და ამ უჯრედებს აღარ შეუძლიათ ბავშვის ორგანიზმისთვის აუცილებელი, საკმარისი ინსულინის წარმოქმნა, ანუ არის ინსულინის აბსოლუტური დეფიციტი. მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე, ასეთი ბავშვები ვერ გადარჩებიან, თუ ჩვენ მათ არ ვუმკურნალებთ და არ შევუყვანთ ინსულინს, რომელიც მათ აუცილებლად სჭირდებათ.

მეორე ტიპის დიაბეტის დროს, პანკრეასი სრულებით არ არის დაზიანებული, ის ჯანმრთელია, უბრალოდ, ბავშვის ჭარბი წონის, სიმსუქნის, არაჯანსაღი კვების და ცხოვრების სტილის გამო, მის მიერ გამომუშავებული ინსულინი, მის მიმართ არსებული რეზისტენტობის, ანუ წინააღმდეგობის გამო, ვეღარ ახერხებს სისხლში გლუკოზის დონის რეგულაციას.

ჩვენ რომ ერთმანეთს შევადაროთ, 15 წლის მოზარდი, რომელსაც უცებ დაემართა დიაბეტი ტიპი ერთი და 15 წლის მოზარდი, რომელსაც დაემართა დიაბეტი ტიპი ორი, სინამდვილეში, ის ვისაც, დიაბეტი ტიპი ორი დაემართა, ბევრად უფრო ნაკლებად ჯანმრთელია, რადგან მანამ, სანამ ის დიაბეტამდე მივიდოდა, მას წლების განმავლობაში ჰქონდა სიმსუქნე, მასთან ასოცირებული ყველა გართულება, მაღალი ქოლესტერინი, ღვიძლის გაცხიმოვნება, მაღალი წნევები და ა.შ.

არასამედიცინო განათლების მქონე ადამიანებმა, ვიცით, რომ დიაბეტს აქვს ორი ძირითადი სიმპტომი, ხშირი შარდვა და ძლიერი წყურვილი. ეს სწორედ ის სიმპტომებია, რომლებმაც უნდა მიგვანიშნოს, რომ ბავშვს დიაბეტის პრობლემა აქვს თუ არის სხვა მნიშვნელოვანი ჩივილებიც?

დიახ, ჭარბი შარდის გამოყოფა და მომატებული წყურვილი არის სიმპტომები, რომელიც ყველამ იცის და რომელიც ყველასთან გამოხატულია, იქნება ეს ბავშვი, მოზარდი თუ მოზრდილი. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული პრობლემები პირველი ტიპის დიაბეტის დროს უფრო მწვავედ, უფრო მოკლე პერიოდში ვითარდება, დიაბეტი ტიპი ორის დროს ეს ისეთი მწვავე და დრამატული არ არის და შეიძლება, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მშობელმა ვერც შეამჩნიოს. საგულისხმოა ბავშვის ასაკიც, მოზარდი ბავშვის შემთხვევაში,  შეიძლება, მშობელმა დიდი ხანი ვერ შენიშნოს, რომ ბავშვი ღამე ხშირად დგება წლის დასალევად, მოსაშარდად.

პირველი ტიპის დიაბეტის დროს, ძალიან მნიშვნელოვანი ნიშნებია: სპეციფიკური სუნი პირის ღრუდან, წონაში კლება, სისუსტე, ადინამია, რასაც შეიძლება დაერთოს მუცლის ტკივილი, ღებინება. ამ დროს, ბავშვი შეიძლება ისე ცუდად გახდეს და ისეთი მივარდნილი იყოს, რომ საჭირო გახდეს, მისი სასწრაფოდ სტაციონარში გადაყვანა.

მაღალი შაქრის გამო, მეორე ტიპის დიაბეტის დროსაც შეიძლება, რომ იყოს იგივე ადინამია, მივარდნილობა, მაგრამ ეს ასე უცებ და ასე მძიმედ არ ვითარდება, შესაბამისად, ხშირად, მშობელს შეიძლება, გამოეპაროს ეს ყველაფერი.

სამწუხაროდ, ჩვენ ჯერ კიდევ იმ საზოგადოებაში ვცხოვრობთ, სადაც ფუმფულა, კარგად ნაკვები ბავშვი ჯერ კიდევ არ აღიქმება, როგორც ქრონიკული დაავადებების მქონე. ჯერ კიდევ არსებობენ ბებია-ბაბუები, რომლებიც კატეგორიულ პროტესტს აცხადებენ და ვერ ხვდებიან, როგორ შეიძლება, ბავშვმა არ მიიღოს ტკბილი და როგორ შეიძლება, ვიღაც „ბოროტმა“ ექიმმა ბავშვს მათი გამომცხვარი ხაჭაპური თუ ნამცხვრები აუკრძალოს.

ძალიან მნიშვნელოვანია, იმის გაცნობიერება, რომ სიმსუქნე ყველაზე გავრცელებული ქრონიკული, პედიატრიული პათოლოგიაა, თავისი ძალიან მძიმე გართულებებით, რომელშიც ერთ-ერთი ყველაზე დრამატული მეორე ტიპის დიაბეტია. სიმართლე გითხრათ, ჩვენთვის, ექიმებისთვისაც ძალიან ტრავმული იყო იმის დაჯერება და მიღება, რომ ბავშვს, რომელსაც წესით, წინ ბედნიერი, ჯანმრთელი მომავალი უნდა ჰქონდეს, შეიძლება, რომ არაჯანსაღი ცხოვრების წესის გამო, პედიატრიულ ასაკში, ასეთი მძიმე ქრონიკული დაავადება განუვითარდეს.

ძალიან ბევრი მშობელი აღნიშნავს, რომ ძლიერი და საკმაოდ რთული ვირუსული ინფექციის შემდეგ, გამოუვლინდა ბავშვს დიაბეტისთვის დამახასიათებელი ნიშნები. შეიძლება, რომ ძლიერმა ვირუსულმა ინფექციამ დიაბეტის პროვოცირება მოახდინოს თუ არსებობს კიდევ ბევრი სხვა მიზეზი?

მიზეზი ბევრია.

მედიცინის განვითარების ამ ეტაპზე, მეცნიერებას უკვე შეუძლია, რომ დაბადებისთანავე, მოახდინოს იმ ბავშვების იდენტიფიკაცია, რომელთაც დიაბეტის განვითარების რისკი და განსაკუთრებული გენეტიკური მონაცემები აქვთ. უკვე არსებობს დიაბეტის სკრინინგ პროგრამები. როცა მოხდება ამ ბავშვების იდენტიფიკაცია, მათი გენეტიკური მონაცემების მიხედვით, შემდგომ, სხვადასხვა, დავუშვათ, 2-3-6 წლის ასაკში, იზომება ანტისხეულები. ნელ-ნელა აკვირდებიან, როგორ ჩნდება ანტისხეულები, როგორ იმატებს და ნელ-ნელა როგორ მიდის პანკრეასის დაზიანება.

სინამდვილეში, პრობლემის გამოვლენა მაშინ ხდება, როცა უჯრედების 80 %-ზე მეტი უკვე პრაქტიკულად დახოცილია. გამშვები მექანიზმი ხშირად ნამდვილად ვირუსული ინფექციებია, რადგან ნებისმიერი სტრესის დროს, ყველა ბავშვს, ყველა ორგანიზმს სჭირდება ენდოკრინული სისტემის ცოტა მეტი, ცოტა უკეთესად გამართული მუშაობა, დაზიანებული პანკრეასი კი ამას ვერ ახერხებს და პრობლემის გამოვლენა ვირუსული ინფექციით ჩქარდება.

საბედნიეროდ, უკვე 2 წელია, არსებობს FDA-ს და ევროპის მიერ დადასტურებული პრეპარატი, რომელიც მონოკლონური ანტისხეულია და რომელიც შესაძლებელია, ბავშვს ინტრავენური ინფუზიის სახით გაუკეთონ და წლობით გადაავადონ პრობლემის განვითარება ან სრულად აღკვეთონ დიაბეტის დამართების რისკი.

ჩვენს ქვეყანაში რამდენად არის ხელმისაწვდომი აღნიშნული პრეპარატი?

ჩვენს ქვეყანაში ამის შესაძლებლობა არ არსებობს, ეს არის ამერიკაში და რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან ძვირი. ის კლინიკური კვლევის ფორმით არსებობს რამდენიმე ქვეყანაში, მაგალითად, იტალიაში.

ვისაუბრეთ, რომ დიაბეტს ახასიათებს განსაკუთრებული წყურვილის გრძნობა, თუმცა არსებობენ ბავშვები, რომელთაც უბრალოდ უყვართ წყალი, ძალიან დიდი რაოდენობით იღებენ მას და შესაბამისად, ხშირადაც შარდავენ… როგორ უნდა განვასხვაოთ ბავშვი უბრალოდ წყლის მოყვარულია და ამიტომ სვამს ბევრ წყალს თუ აქ უკვე რაღაც პათოლოგიურ წყლის მოთხოვნილებასთან გვაქვს საქმე?

დიდი ბავშვისთვის ლიტრა ნახევარი, ორი ლიტრა წყალი დასაშვებია, მაგრამ თუ ბავშვი მუდმივად ითხოვს წყალს თუ რამდენიმე ლიტრს სვამს, ეს საყურადღებოა. ასევე, თუ ბავშვს ღამე სპეციალურად იმისთვის ეღვიძება, რომ  წყალი დალიოს და ამ დროს, დიდი რაოდენობით წყალს სვამს, ეს ყოველთვის საყურადღებოა. თუ ბავშვმა მარილიანი საკვები მიიღო, თუ მას პირის სიმშრალე ჰქონდა ან რაიმე სხვა ლოგიკური ახსნა აქვს წყურვილს, კიდევ გასაგებია, მაგრამ სხვა შემთხვევაში, ამას აუცილებლად უნდა მივაქციოთ ყურადღება.

საყურადღებოა ისიც, თუ ღამის გამავლობაში, ბავშვი ხშირად დგება მოსაშარდად.

აღნიშნული ნიშნების შემჩნევის შემთხვევაში, უნდა დაიწყოს თუნდაც ელემენტარული გამოკვლევები, როგორიცაა უზმოდ სისხლში გლუკოზის დონის განსაზღვრა და შარდის ანალიზი. 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, უზმოდ ითვლება 8 საათი და მეტი შიმშილის პერიოდი და 12 წელს ზევით, სასურველია, რომ ბოლო კვებიდან 10-12 საათი და მეტი იყოს გასული. აქ არ იგულისხმება მხოლოდ საკვების არ მიღება, ეს ეხება ჩაის, წვენს. ბავშვმა ანალიზის აღებამდე კარგად უნდა დაიბანოს ხელები, რადგან ხშირად, ამის გამოც არის ხოლმე ანალიზში ცდომილება. თუ ბავშვს გლუკომეტრით უღებთ ანალიზს, ჩხვლეტამდე სპირტით არ დაუმუშაოთ თითი. ხელი უნდა იყოს კარგად დაბანილი, მშრალი და ისე უნდა მოხდეს ანალიზის აღება. დღესდღეობით, უმეტეს ოჯახს აქვს სახლში გლუკომეტრი და თავად უზომავენ ბავშვს შაქარს, ამიტომ უნდა გაითვალისწინონ, რომ არასწორად აღებულმა ანალიზმა, შესაძლოა, ცდომილება გამოიწვიოს.

სად გადის ზღვარი სწორად მიღებულ, ნორმალური დოზით და ჭარბად მიღებულ ტკბილეულ შორის, როგორ უნდა გავაკონტროლოთ ეს ყველაფერი?

სამწუხაროდ, ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ პერიოდში, როცა ტკბილის სიყვარული და ის, რომ ყველა კვების მერე, დესერტი უნდა მივიღოთ, იმდენად მავნე ჩვევაა, რომ თითქმის, მოწევას უტოლდება. ბავშვი თავიდანვე, პატარაობიდანვე არ უნდა მივაჩვიოთ ტკბილეულს, თორემ უკვე მიჩვეულის გადაჩვევა, რა თქმა უნდა, ბევრად უფრო რთულია.

ის, რასაც ჩვენი მშობლების თაობა ან თუნდაც ჩვენი თაობა მიირთმევდა ბავშვობის პერიოდში ან მოზარდობის ასაკში, ბევრად განსხვავდება იმისგან, რასაც დღევანდელი ბავშვები მიირთმევენ, თუნდაც შემადგენლობის კუთხით. გასათვალისწინებელია ამ ყველაფრის ხელმისაწვდომობაც, ასევე ფიზიკური აქტივობის საკითხიც. ჩვენ არც ტელეფონები გვქონდა, არც ინტერნეტი და ძალიან ბევრ დროს ვატარებდით გარეთ ჰაერზე, ჯანსაღ სიტუაციაში და ბევრად უფრო დატვირთულები ვიყავით ფიზიკურად, თუნდაც სულ რომ არ გვევლო რაიმე სპორტზე. თანამედროვე ბავშვები საათობით სხედან კომპიუტერებთან, ტელეფონებთან და ზოგჯერ, ანგარიშმიუცემლად ჭამენ, სუსნაობენ. ამ მიღებული საკვებიდან კი თითქმის არაფერია ჯანსაღი. აქ მარტო შაქრის შემცველობაზე არ არის საუბარი, საუბარია სხვადასხვა კონსერვანტებზე. წარმოიდგინეთ, ორცხობილას, რომელსაც თვეობით და წლობით აქვს შენახვის ვადა, რა რაოდენობით კონსერვანტი ექნება. თუ ბავშვს უნდა, რომ ისუსნაოს და დესერტის სახით რაიმე მიიღოს, საბედნიეროდ, ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ხარისხის სეზონური ხილი, გვაქვს ნაირ-ნაირი თხილი, ჩირი, ჩურჩხელა, ტყლაპი და ეს შეგვიძლია, რომ შევთავაზოთ ბავშვს.

თუ მშობელს, ოჯახის რომელიმე წევრს აქვს დიაბეტი ტიპი ერთი და შესაბამისად, ბავშვს აქვს გენეტიკური განწყობა, არსებობს რაიმე საპრევენციო საშუალება ასეთი ბავშვებისთვის? ენდოკრინოლოგთან უფრო ხშირი ვიზიტი, თუ გამორიცხავს აღნიშნული პრობლემის განვითარებას?

თუ მშობელს ან და-ძმას აქვს დიაბეტი ტიპი ერთი, დაახლოებით, 25-30 პროცენტამდეა რისკი, რომ პირველი რიგის ნათესავსაც განუვითარდეს დიაბეტი ტიპი ერთი.

თუ დედა ორსულობაში ცუდად იყო ნამართი და იდეალურად არ აქვს შაქრები, მაშინ ბავშვს დიაბეტი ტიპი ერთის გარდა, ჭარბი წონის და დიაბეტი ტიპი ორის განვითარების ბევრად მაღალი რისკი აქვს. შესაბამისად, ორსული, რომელსაც აქვს დიაბეტი, იდეალურად უნდა იყოს ნამართი და მან აუცილებლად უნდა გამოიყენოს თანამედროვე ტექნოლოგიები.

თუ მამას აქვს დიაბეტი ტიპი ერთი, მაშინ სასურველია, ბავშვმა გარკვეული ასაკიდან, 1 ან 2 წლიდან, წელიწადში ერთხელ უზმოდ გაიზომოს ხოლმე შაქარი ან სპეციფიკური ანტისხეულები.

მე ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ის ძალიან ძვირიანი პრეპარატი, რომელზეც ვისაუბრეთ, ერთ-ორ წელიწადში მთელი მსოფლიოსთვის იქნება ხელმისაწვდომი.

თქვენ ბრძანეთ, რომ დიაბეტი ტიპი ერთის შემთხვევაში, ინსულინი პირველადი გამოსავალია, ის პრობლემის მართვის ერთადერთი გზაა თუ არის სხვა დამხმარე საშუალებებიც? ასევე, ვიცი, რომ პრეპარატები, რომელთაც დიაბეტი ტიპი ორის დროს, მოზრდილებში ნიშნავთ, ბავშვებში ძალიან სიფრთხილით ინიშნება.

კი, მეორე ტიპის დიაბეტისთვის ზუსტად ის პრეპარატებია, რაც მოზრდილებში ინიშნება.

მოგეხსენებათ, ახლა ბუმი არის თანამედროვე საინიექციო პრეპარატების, რომელთა შორისაც ზოგიერთი ყოველდღე კეთდება, უფრო ძვირიანი და კარგები კი, კვირაში ერთხელ. ჩვენ, ექიმებს უკვე გვაქვს უფლება, რომ 12 წლის ზემოთ ბავშვს, თუ კი მას აქვს მძიმე სიმსუქნე და პლუს ერთი გართულება, რა თქმა უნდა, დიაბეტი, დავუნიშნოთ ეს საინიექციო პრეპარატები, რაც ძალიან ეფექტურია და რომელთა ძირითადი მინუსიც, ალბათ, ფასია. მისი ერთ-ერთი ეფექტია, ასევე, წონაში კლებაც. შესაბამისად, ეს არის ახალი და ცოტა იმედიანი ამბავი მეორე ტიპის დიაბეტთან დაკავშირებით.

რაც შეეხება პირველი ტიპის დიაბეტს, ყველა მშობელი, ბავშვი ელოდება, რომ დღეს თუ არა ხვალ რაღაც სასწაული განკურნების საშუალება იქნება, რომ ერთ დღეს გაიღვიძონ და განიკურნონ. სამწუხაროდ, ეს ნაკლებად მოსალოდნელია, იმის მიუხედავად, რომ ამ კუთხით, კვლევები უკიდურესად წინ წავიდა, განსაკუთრებით, გენურ თერაპიაზე, ღეროვან უჯრედებზე, თუმცა ეს წელს, მომავალ წელს, ასე მალე და მთელი მსოფლიოსთვის ასე ადვილად ხელმისაწვდომი ჯერ ვერ იქნება.

რა შეგიძლიათ, გვითხრათ ვაქცინაზე?

ჯერჯერობით, არც ვაქცინას აქვს ისეთი მონაცემები, რომ რაღაც ძალიან დიდი იმედით დაველოდოთ.

თუ თქვენს ბავშვს დღეს აქვს პირველი ტიპის დიაბეტი, აუცილებელია, რომ დღეს გყავდეთ კარგად ნამართი, თუნდაც ის უკეთესი მკურნალობის და განკურნების საშუალებები რამდენიმე წლის მერე იყოს ხელმისაწვდომი, ეს დღეები, ეს დრო არ უნდა დაიხარჯოს ცუდად ნამართი დიაბეტით, რადგან პაციენტებს ყოველდღე უზიანდებათ სისხლძარღვები, იმატებს ხანმოკლე თუ ხანგრძლივი გართულებების რისკი და ა.შ. თუ სწორად ვმართავთ დიაბეტს, პედიატრიულ ასაკში ხანგრძლივი გართულებები არ უნდა ვნახოთ. სამწუხაროდ, დიაბეტი აზიანებს თვალს, თირკმელებს. თუ დიაბეტი ცუდად არის ნამართი და უმეტეს შემთხვევაში, სისხლში გლუკოზის დონე არ არის ნორმაში, დაზიანებების რისკი, რაც დრო გადის, უფრო იმატებს. უხეშად რომ ვთქვათ, ზედმეტი შაქარი ეწებება პატარა თუ მოზრდილ სისხლძარღვებს, აზიანებს მათ და ეს არის შეუქცევადი პროცესი.

ყველაზე კარგი, რაც ამ ეტაპზე მსოფლიოში არის, ეს არის თანამედროვე ტექნოლოგიები, ხელოვნური პანკრეასი, პატარა ზომის ინსულინის ტუმბო, რომელიც არის ბევრად ჭკვიანი და მისი გამოყენების შემთხვევაში, შესაძლებელია, რომ ბავშვს ჰქონდეს დიაბეტი ტიპი ერთი, მაგრამ მისი შაქრები თითქმის სულ ნორმაში იყოს. თუ გჭირდებათ, გაქვთ სურვილი და საშუალება, რომ ინსულინის ტუმბო დაიყენოთ, ამის შესაძლებლობა ჩვენს ქვეყანაში უკვე არის.

ჩვენ ყველა ახლად გამოვლენილი დიაბეტის მქონე ბავშვს ვეუბნებით, რომ ცხოვრებაში შეზღუდვა არ უნდა ჰქონდეთ და ყველაფერი კარგად უნდა ჰქონდეთ, თუ ისინი სწორად ისწავლიან დაავადების მართვას, იცხოვრებენ ჯანსაღად, ივარჯიშებენ, სწორად გაიკეთებენ ინსულინს. ყველა მშობელმა ექიმზე უკეთ უნდა იცოდეს თავისი შვილის დიაბეტის შესახებ, რადგან მშობლის განათლება ერთ-ერთი გადამწყვეტი ფაქტორია.

თანამედროვე ცხოვრებაში, ერთადერთი შეზღუდვა, რაც შეიძლება, რომ დიაბეტი ტიპი ერთის მქონდე ბავშვებს ჰქონდეთ, არის ის, რომ შესაძლოა, მათ ადვილად არ დართონ კოსმოსში გაფრენის ნება, ანუ თუ მაინც და მაინც კოსმონავტობა უნდათ, შესაძლებელია, ეს ცოტა გაუჭირდეთ, სხვა შემთხვევაში, თუ სწორად მართავენ თავიანთ დაავადებას, სრულიად ბედნიერი და ჯანმრთელი ცხოვრება ექნებათ. განათლება, საზრიანი და სწორი მიდგომა ყველაზე მთავარი ფაქტორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები