დიაგნოსტირების/შეფასების საჭიროება ბავშვებსა და მოზარდებში – ამ თემაზე გადაცემაში „7 რჩევა ფსიქოლოგისგან“ ფსიქოლოგმა მარიამ იანტბელიძემ ისაუბრა.
როგორი უნდა იყოს ბავშვებისა და მოზარდების განვითარებაში?
ბავშვებისა და მოზარდების განვითარება ძალიან დინამიური პროცესია. თითოეული ასაკს მოაქვს ახალი გამოწვევები, თუმცა ყველა ბავშვი ამ გზას ერთი და იმავე სისწრაფით ან ერთნაირი გზით არ გადის.
პირველი ექვსი წელი ბავშვების ცხოვრებაში განსაკუთრებით გადამწყვეტია. ამ პერიოდში ყალიბდება ძირითადი უნარები – მოძრაობა, მეტყველება, ემოციური თვითრეგულაცია და სოციალური კონტაქტები. მშობლები ხშირად სვამენ შეკითხვებს: „ჩემი შვილი სწორად ვითარდება?“ „საკმარისად ლაპარაკობს“, „რატომ არ მაქცევს ყურადღებას?“. სწორედ აქ ჩნდება შეფასების საჭიროება. ის საშუალებას გვაძლევს დავინახოთ ბავშვის უნიკალური შესაძლებლობები, დროულად გამოვავლინოთ სირთულეები და დავგეგმოთ შესაბამისი მხარდაჭერა.
რა გამოწვევებია ჩნდება, როცა ბავშვი მიდის სკოლაში?
როცა ბავშვი სკოლაში მიდის, ჩნდება ახალი გამოწვევები – სწავლა, დავალებების შესრულება, თანატოლებთან ურთიერთობა. მშობლებმა ან/და მასწავლებლებმა შეიძლება შეამჩნიონ, რომ ბავშვს უჭირს ყურადღების გამახვილება, სწრაფად იღლება, ან სასკოლო დავალებებზე სხვებზე მეტ დროს ხარჯავს. ზოგი სწრაფად ითვისებს მასალას, ზოგს კი სჭირდება მეტი დრო და დახმარება.
ხშირად ბავშვის სირთულე არ ჩანს ზედაპირულად – შეიძლება სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები აიხსნას „ზარმაცობით“ ან უყურადღებობით, მაშინ როცა რეალური მიზეზი შეიძლება იყოს კონკრეტული უნარის არასათანადო განვითარება. შეფასება საშუალებას იძლევა, ეს განსხვავება სწორად გავიგოთ და დავეხმაროთ ბავშვს, ნაცვლად იმის, რომ მოვახდინოთ სტიგმატიზირება. შეფასება ეხმარება მშობლებს, მასწავლებლებსა და სპეციალისტებს იმაში, რომ დროულად დაინახონ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები. დღეს ვიცით, რომ არსებობს განვითარების ნეიროდივერგენტული გზები: ზოგი ბავშვი სწრაფად ითვისებს აკადემიურ უნარებს, ზოგი კი განსაკუთრებით ძლიერია კრეატიულობაში ან პრობლემების გადაჭრაში. იმისთვის, რომ ამ მრავალფეროვნებას სწორად მოვერგოთ, აუცილებელია ობიექტური ინსტრუმენტებით შეფასება.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ შეფასება მხოლოდ სუსტი მხარეების აღმოჩენა არ არის. ის აჩვენებს ძლიერ მხარეებსაც – მაგალითად, ბავშვს შეიძლება ჰქონდეს სირთულე წერისას, მაგრამ შესანიშნავი ვიზუალური მეხსიერება.
სწორედ ამ ინფორმაციის დახმარებით შეიძლება სწავლის ისეთი სტრატეგიების მოძებნა, რომლებიც მის შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოიყენებს. ასეთი ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სწავლის სირთულეების შემთხვევაში, როგორიცაა დისლექსია, დისკალკულია ან ADHD.
შეფასების შედეგები ხშირად ხდება გზამკვლევი მშობლებისთვისაც. ისინი იღებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს, როგორ დაეხმარონ შვილს სახლში, რა გარემო შეუქმნან და როგორ ითანამშრომლონ სკოლასთან. იგივე ეხება მასწავლებლებსაც – შეფასების შედეგად ისინი უკეთ იგებენ, რა მიდგომა უნდა გამოიყენონ კონკრეტული ბავშვის შემთხვევაში.
ამრიგად, შეფასების საჭიროება მოდის არა მხოლოდ აკადემიური მიზნებიდან, არამედ ბავშვის კეთილდღეობიდანაც. სწორი დიაგნოსტირება ხელს უწყობს იმას, რომ ბავშვმა თავიდან აიცილოს ხანგრძლივი სტრესი, გაუცხოება ან თვითშეფასების პრობლემები, ხოლო მის გარშემო არსებული უფროსები – მშობლები, მასწავლებლები და სპეციალისტები – უფრო სწორად შეძლებენ მხარდაჭერას. საბოლოოდ, ასეთი პროცესი არა მხოლოდ სწავლის შედეგებს აუმჯობესებს, არამედ ბავშვის თვითშეფასებასა და მოტივაციასაც ამაღლებს.