უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის ყოფილი მრჩეველი, ოლექსი არესტოვიჩი უკრაინის შემდეგ საპრეზიდენტო არჩევნებზე კენჭის ყრას აპირებს.
„დიახ, დავაყენებ ჩემს კანდიდატურას“, – განუცხადა არესტოვიჩმა „ინტერფაქს-უკრაინას“.
უკრაინაში შემდეგი საპრეზიდენტო არჩევნები 2024 წლის გაზაფხულზე უნდა გაიმართოს, თუმცა საზოგადოებაში აქტიურად განიხილება კენჭისყრის საომარი მდგომარეობის პირობებში ჩატარების შესაძლებლობა.
არესტოვიჩი სრულმასშტაბიანი ომის პირველ წელიწადში უკრაინის ხელისუფლების ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სპიკერი იყო, თუმცა თანამდებობა მას შემდეგ დატოვა, რაც განაცხადა, რომ ქალაქ დნიპროში კორპუსის აფეთქება უკრაინული საჰაერო თავდაცვის სისტემის რაკეტამ გამოიწვია, რომელიც რუსული რაკეტის ჩამოსაგდებად გაუშვეს.