LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიასახლისები აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ – ეკონომიკის მინისტრი

117c85de932d348d8639cdd124b18d03_XL

“ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან „სამუშაო ადგილის გარეთ“. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა გიორგი ქობულიამ პარლამენტში, საკომიტეტო მოსმენაზე განაცხადა. მისი თქმით, ასევე არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, ვისაც მუშაობა საერთოდ არ უნდათ.

„საქართველოს ეკონომიკაში იქმნება ახალი სამუშაო ადგილები. 2017 წელს ბიზნესსექტორში შეიქმნა 41 000 სამუშაო ადგილი. საკმარისია ეს თუ არა? ჩვენ ვთვლით, რომ ეს არ არის საკმარისი. თუმცა, ისიც გავითვალისწინოთ, რომ საქართველოს ეკონომიკაში წელიწადში 30-40 ათასი სამუშაო ადგილი იქმნება. ჩვენ გვინდა ეს მაჩვენებელი მივიყვანოთ 60 000 სამუშაო ადგილამდე წელიწადში. ეს სამუშაო ადგილები იქმნებოდა 2016-შიც. უმუშევრობის დონე იკლებს, თუმცა უმუშევრობაში ვხედავთ დიდ გამოწვევას. ეს გამოწვევა არის იმაში, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში, უმუშევრობის შემცირების ტემპი დაბალია. იკლებს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. 3.7 მილიონიდან, ვისაც მუშაობა შეუძლია არის დაახლოებით 2 მილიონი. დანარჩენი არის 15-წლამდე ბავშვი, საპენსიო ასაკის ადამიანები. ძალიან დიდი რაოდენობა გვყავს იმ ადამიანების, რომლებიც არიან „სამუშაო ადგილის გარეთ“. ტიპური წარმომადგენლები არიან დიასახლისები, რომლებიც აცხადებენ, რომ მუშაობა არ უნდათ. თუმცა, არიან სხვადასხვა კატეგორიის ადამიანები, რომლებიც აცხადებენ, რომ ჩვენ საერთოდ მუშაობა არ გვინდა. ამ ადამიანების ჩართვა ეკონომიკაში ჩვენი ამოცანაა“, – განაცხადა ქობულიამ.

მინისტრმა  დეპუტატებს ქვეყნის ეკონომიკური მაჩვენებლების შესახებ ანგარიში ჩააბარა. ქობულია აცხადებს, რომ მომავალ წელს ქვეყანის ეკონომიკის 5-პროცენტიანი ზრდაა ნავარაუდევი. რაც შეეხება ინფლაციის პროგნოზს, მისი მაჩვენებელი სავარაუდოდ სამი პროცენტი იქნება. ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით მინისტრი განსაკუთრებულ ცვლილებებს არ ელოდება და მიიჩნევს, რომ ლარი სტაბილური იქნება.

ქობულია აცხადებს, რომ ქვეყანაში სიღარიბეა, ხელისუფლების მთავარი ამოცანა კი მისი დაძლევაა.

magti 5g