დიდ ბრიტანეთში გასაყიდად ძალიან ძვირადღირებული საავტომობილო ნომერი Bar8ie გამოიტანეს. ბრიტანულ საიტზე absolute Reg გამოჩნდა ნიშანი, რომელიც გასული წლის ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ ფილმს ეხმიანება. „ლამაზი“ ნომრისთვის 1 048 205 ფუნტ სტერლინგს ითხოვენ. თუკი ლოტი ამ ფასად გასხვისდება, ის გახდება ყველაზე ძვირადღირებული სანომრე ნიშანი, რომელიც დიდ ბრიტანეთში გაყიდულა.
მარგო რობისა და რაიან გოსლინგის „ბარბის“ პრემიერის შემდეგ ნახევარ წელზე მეტი გავიდა, თუმცა ფილმი კვლავ ყურადღების ეპიცენტრშია, რაც მოსალოდნელ „ოსკარებს“ უკავშირდება. ცერემონია 10 მარტისთვისაა დაგეგმილი და დიდი ალბათობით, ნომრის მეპატრონემ ვაჭრობა სწორედ ამ თარიღს დაამთხვია.
Absolute Reg დოკუმენტაციას და მიტანის სერვისს თავის თავზე იღებს. ახალ მეპატრონეს კი მხოლოდ ის მოუწევს, რომ ნომერი ავტომობილს მიამაგროს. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი ავტომობილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში 1967 წლის შემდეგაა დარეგისტრირებული.