დიდ დიღომში საცხოვრებელ კორპუსში აფეთქებასთან დაკავშირებით ორი პირი დააკავეს, – ამის შესახებ პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„უდიდესი ტრაგედია დაგვატყდა თავს ორი დღის უკან, გაზის გაჟონვას მოყვა ნგრევა, გარდაცვლილია ოთხი ადამიანი, მათ შორის მცირეწლოვანი ბავშვი. ვუსამძიმრებ გარდაცვლილთა ოჯახებს. მე გუშინწინვე დავავალე სამართალდამცავ ორგანოებს, რომ უმოკლეს ვადებში ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები და გამოევლინა ტრაგედიის გამომწვევი მიზეზი, რამდენიმე წუთის უკან მაცნობეს, რომ დაკავებულია ორი პირი. გამოძიება გრძელდება და გარწმუნებთ, რომ ყველა ის პირი, რომელიც იქნება გამოვლენილი ამ ტრაგედიასთან მიმართებაში, რომ მათ ჰქონდათ თავიანთი პროფესიული ქმედებიდან გამომდინარე შეცდომა, ყველა აგებს პასუხს კანონის წინაშე,“ – განაცხადა ბახტაძემ.
შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულები არიან “ყაზტრანსგაზის” სწრაფი რეაგირების ჯგუფის თანამშრომლები – 1957 წელს დაბადებული ვ.მ. და 1991 წელს დაბადებული თ.ტ., რომლებიც 2019 წლის 16 იანვარს აღნიშნულ მისამართზე, აფეთქებამდე რამდენიმე საათით ადრე, კორპუსის მცხოვრებლების გამოძახების შედეგად მივიდნენ.
გამოძიების ინფორმაციით, ადგილზე მისულმა „ყაზტრანსგაზის“ სპეციალისტებმა კორპუსში გაზგაყვანილობა არაჯეროვნად შეამოწმეს, მოსახლეობას კი განუმარტეს, რომ კორპუსში გაზის სუნი არ იყო და საღებავის სუნში ეშლებოდათ. სპეციალისტების წასვლის შემდეგ, რამდენიმე საათში მოხდა აფეთქება. აფეთქების შედეგად გარდაიცვალა 4 ადამიანი, რომელთა შორის ერთი მცირეწლოვანია.
გამოძიების მიმდინარეობის ფარგლებში, დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, სახანძრო-ტექნიკური ექსპერტიზა, აფეთქების მიზეზების გამომწვევი ტექნიკური ექსპერტიზა, საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზა და ტექნიკური ექსპერტიზა, რომელთა დასკვნის საფუძველზე გამოიკვეთება აღნიშნულ დანაშაულთან შესაძლო შემხებლობაში მყოფი სხვა პირების სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი და გატარდება შესაბამისი ზომები.