რუსეთისა და ბელარუსის წინააღმდეგ, გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ ახალი სანქციები გამოაცხადა.
ხაზინისა და საერთაშორისო ვაჭრობის დეპარტამენტის ერთობლივ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სანქციები მოიცავს იმპორტის ტარიფებს და ექსპორტის აკრძალვებს და მისი მიზანი „პუტინის ომის მანქანის კიდევ უფრო შესუსტებაა“.
„იმპორტის ახალი ტარიფები მოიცავს 1.4 მილიარდი გირვანქა სტერლინგის (1.7 მილიარდი აშშ დოლარი) ღირებულების საქონელს, პლატინისა და პალადიუმის ჩათვლით,“ – ნათქვამია განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ რუსეთი პლატინისა და პალადიუმის ერთ-ერთი უდიდესი მწარმოებელია მსოფლიოში.
„მზად ვართ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩავშალოთ პუტინის მიზნები უკრაინაში და ძირი გამოვუთხაროთ მის უკანონო შეჭრას, რომელიც უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ ბარბაროსულ აქტებს ახორციელებს“, – განაცხადა დიდი ბრიტანეთის სახელმწიფო მდივანმა საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებში, ენ-მარი ტრეველიანმა.
დაგეგმილი ექსპორტის აკრძალვების სამიზნეა 250 მილიონ გირვანქა სტერლინგზე მეტი (308 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების საქონელი რუსეთის ეკონომიკის იმ სექტორებში, რომლებიც ყველაზე მეტად არიან დამოკიდებული გაერთიანებული სამეფოს საქონელზე. ეს საქონელი მოიცავს ქიმიკატებს, პლასტმასს, რეზინსა და სამანქანო დანადარებს.
გაერთიანებული სამეფოს მთავრობაში აცხადებენ, რომ სანქციების უახლესი პაკეტით იმ პროდუქციის მთლიანმა ღირებულებამ, რომელიც ექვემდებარება იმპორტისა და ექსპორტის სრულ ან ნაწილობრივ სანქციებს მას შემდეგ, რაც უკრაინაში რუსეთის უკანონო შეჭრა დაიწყო, 4 მილიარდს გადააჭარბა.