LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ღონისძიებების ცუდი მასპინძელი – რატომ არ არის საქართველო მზად მასშტაბური ღონისძიებებისთვის

96

სატრანსპორტო პრობლემები, გადატვირთული კაფე-რესტორნები, ნულოვანი სერვისი, საკვების დეფიციტი და მოუწესრიგებელი ინფრასტრუქტურა, – ამ და სხვა პრობლემების შესახებ ამერიკული პოპ-ჯგუფის MAROON 5-ის ბათუმურ კონცერტზე ჩასული სტუმრები საუბრობდნენ. კრიტიკის მთავრ სამიზნედ ბათუმის კვების ობიექტები იქცა, რომლებიც სტუმრების დიდ ნაკადს ვერ აუდიოდნენ და მომხმარებელს მდარე ხარისხის გაძვირებულ პროდუქტს და მომსახურებას სთავაზობდნენ.

”არსებობდა ეს პრობლემები იმიტომ, რომ  არ იყო დათვლილი, თუ რამდენი ტურისტის მიღება შეუძლია ქალაქს ერთდროულად ” – ასე ხსნის ”სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაციის” პრეზიდენტი ქეთევან მელაძე ”ფორტუნასთან” საუბრისას შექმნილ ვითარებას. მისივე განმარტებით, ამისთვის უნდა არსებობდეს კონკრეტული სტატისტიკა ან კვლევა. ”თბილისშიც იგივე მოხდება 10 ათასი კაციც რომ შემოვიდეს დამატებით” – აღნიშნავს მელაძე და განმარტავს, რომ სახელმწიფომ უნდა დათვალოს, რა ოდენობის ტურისტის მიღება შეუძლია ერთდროულად სხვადასხვა ქალაქს და შემდეგ, ამაზე დაყრდნობით იმუშავებს ”ჰორეკა” სეტორიც.

”აჭარის მთავრობასაც უნდა ეფიქრა, ამდენი ხალხი რომ მიჰყავს, გაართმევს თავს? ამიტომაც აუცილებელია დაგეგმვა, კვების ობიექტების მობილიზება. კაფე-რესტორნების ნაკლებობა არ არის ბათუმში. სეზონი იწყება ივლისში და არ იყვნენ მომზადებული ივნისის დასაწყისში ასეთი დიდი ნაკადისთვის. ძალიან ბევრი რესტორანი არ იყო გახსნილი. ეს რომ ყოფილიყო აგვისტოში, მერწმუნეთ, საკმაოდ კარგად გაართმევდა თავს ბათუმის ”ჰორეკა” სექტორი ამ ღონისძიებას. როცა ასეთი ტიპის ღონისძიება ტარდება, ქვეყანა სხვანაირად უნდა იყოს მომზადებული. კარგია, რომ ეს პრეცენდენტი შეიქმნა, ამიტომ გამოცდილებისთვის კარგი იქნება” – განუცხადა ”ფორტუნას” ქეთევან მელაძემ.

გამოთქმულ შენიშვნებს არ ეთანხმებიან აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტში. დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწის მერი ემირიძის თქმით, უწყება კრიტიკულ მოსაზრებებს მხოლოდ ნაწილობრივ იზიარებს.

”გაიყიდა 30 ათასი ბილეთი და სტუმრების დიდი რაოდენობა ჰყავდა რეგიონს. ამას დაემთხვა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება – მინისტერიალი, რომელიც პარალელურად იმართებოდა და ეს ორი ნაკადი ერთად იყო ჩვენს რეგიონში. ვფიქრობ, რომ ნორმალურად ჩაიარა ამ ყველაფერმა. რიგი გამოწვევები სერვისის და ტრანსპორტის კუთხით ნადვილად იყო ქალაქში, მაგრამ არა იმ დონეზე, როგორც ეს სოციალურ ქსელებში ჩანს. გამოწვევას რეგიონმა ნორმალურად გაართვა თავი, თან თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ განვითარებადი ქვეყანა ვართ, ბათუმი ვერ შესთავაზებს იმ დონის სერვისს, როგორსაც სხვა რომელიმე ევროპული ქვეყანა. ამ მიმართულებით, რა თქმა უნდა, მუშაობა მიდის, ვატარებთ ტრენინგებს და  სხვა სამუშაოს, მაგრამ ეს ერთბაშად ვერ გამოიღებს შედეგს,” – განუცხადა ”ფორტუნას” მერი ემირიძემ.

მისივე თქმით, პრობლემები, რაც ღონისძიების შემდგომ გამოიკვეთა, ისედაც იდგა დღის წესრიგში და ამაზე მუშაობა მიმდინარეობს.

”ის რომ სერვისის კუთხით რეგიონში პრობლემაა, ეს ჩვენ თვითონაც ვიცით და ჩვენც გვინდა, რომ ეს ერთი ხელის მოსმით გაუმჯობესდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, შეუძლებელია” – ამბობს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თავმჯდომარის თანაშემწე მასმედიასთან ურთიერთობის საკითხებში.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელი მაია სიდამონიძე კი ორგანიზატორებს კოორდინაციის ხარისხს უწუნებს. როგორც მან ”ფორტუნას” განუცხადა, Check in Georgia-ს ორგანიზატორებს უფრო მეტი უნდა ემუშავათ ტურზმის ადმინისტრაციასთან, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტთან და შემდგომში კერძო სექტორთან, ანუ უფრო გამჭვირვალე ყოფილიყო ინფორმაცია, თუ რამდენი ბილეთი გაიყიდა, რა ნაკადია მოსალოდნელი და საკვები ობიექტები ეყოფოდნენ თუ არა ამ ნაკადის გამასპინძლებას, როგორ უნდა ყოფილიყო დარეგულირებული სატრანსპორტო მოძრაობა და სხვა.

”როცა ვიცით, რომ წვიმიანი რეგიონია, საწვიმრების პრობლემაც გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო, რადგან ადგილზე საწვიმრები 20-30 ლარად იყიდებოდა და მომხმარებელს არ უნდა დასწოლოდა დამატებით ამხელა ხარჯი,” – ამბობს სიდამონიძე.

მისივე თქმით, გამოიკვეთა ისიც, რომ ბათუმი მსგავსი მასშტაბური ღონისძიების მასპინძლობისთვის მზად არ არის.

”თუმცა, ვფიქრობ, რომ საგანგაშო ამაში არ არის არაფერი – საქართველოს არ აქვს გამოცდილება ასეთი ტიპის ღონისძიებებს უმასპინძლოს. შემდეგისთვის იმედია ამ ხარვეზებს და შენიშვნებს გავითვალისწინებთ და გამოვასწორებთ. სამომავლოდ კარგი იქნება, რომ ეს კომუნიკაცია უფრო ძლიერი იყოს, რადგან ეს ღონისძიბები არ არის განკუთვნილი მხოლოდ კერძო სექტორისთვის და ბიზნესისთვის (რომელმაც ფაქტობრივად, ბოროტად ისარგებლა და არარეალურ ფასად გაყიდა მომსახურება, რომელიც ნამდვილად არ ღირდა ეს ფასი), არამედ ჩვენ გრძელვადიანად გვჭირდება კმაყოფილი ტურისტები. ეს ორივე ინტერესი უნდა გაერთიანდეს და მუშაობა უფრო ეფექტური იყოს” – აღნიშნა მაია სიდამონიძემ.

გარდა პრობლემებისა, ამ ღონისძიებამ აჩვენა ის, რომ მსგავსი ტიპის აქტივობებით, თურმე შესაძლებელია ბევრი ტურისტის მოზიდვა, – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის თქმით, გამოჩნდა ისიც, რომ, ჯერჯერობით, საქართველოში არცერთი კურორტი და ქალაქი ამისთვის მზად არ არის, რაც მომავლისთვის გასათვალისწინებელია და კონკრეტული აქტივობები – დასაგეგმი, რათა შემდეგშიც მომხმარებლის მხრიდან კრიტიკა არ ისმოდეს.

magti 5g