13 ივლისს რადიო „ფორტუნას“ და თათა სადრაძის გადაცემას „არტ-FM“ კომპანია „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი ზაზა შენგელია და ოპერის მომღერალი გოჩა აბულაძე სტუმრობდნენ ახალი ალბომის „აბული“ პრეზენტაციით.
– გოჩა, როგორც ვიცი, დიდხანს ელოდით ალბომის გამოსვლას. რამდენად მნიშვნელოვანია ახალი ნამუშევარი თქვენთვის?
– ძალიან მნიშვნელოვანი და რაც მთავარია ემოციური, რადგან დიდი ხნის ოცნება ავისრულე. ჩემი ერთადერთი სიმდიდრე ქართული სიმღერაა, ყველაფერი სამშობლოთი იწყება და მეც თითქოს მადლობა გადავუხადე საქართველოს ჩემი ალბომით. მართალია, ევროპაში უკვე ორი ალბომი გამოვიდა, მაგრამ ჩემთვის სწორედ „აბულია“ უძვირფასესი. ვფიქრობ, ძალიან კარგი საქმე გავაკეთეთ, მით უფრო, რომ ყველა სიმღერას ინგლისური თარგმანი ახლავს, რადგან უცხოეთში უმარავი მსმენელი ელის დისკის გამოსვლას.

– ბატონო ზაზა, თქვენ რამდენად კმაყოფილი ხართ ახალი ალბომით?
– პირადად მე ძალიან კმაყოფილი ვარ, რადგან მართლაც უნიკალურ პროექტზე ვიმუშავეთ. ბოლო წლებში ოპერის მომღერლები ხშირად უშვებენ ალბომებს თანამედროვე რეპერტუარით, რაც ჩვენს ქვეყანაში სწორედ გოჩამ აიტაცა პირველმა და პოპულარული ჰიტების საკმაოდ მოცულობითი პროექტი წარმოადგინა. დარწმუნებული ვარ, მსმენელიც მოიხიბლება, რადგან გოჩას ხმა, მისი კლასიკური ნამღერი მართლაც ძალიან უხდება პოპულარულ სიმღერებს და ძალიან განსხვავდება ბაზარზე წარმოდგენილი ყველა ჩანაწერისგან.

– რამდენად რთული იყო პროექტზე მუშაობა?
– საკმაოდ რთული, რადგან ალბომი პანდემიის პერიოდში შეიქმნა. უსაფრთხოების ყველა ნორმას ვიცავდით, მართალია ძალიან გაგვიჭირდა პირბადით და ხელთათმანებით მუშაობა, მაგრამ მაინც შევძელით.
– საქართველოში ალბომმა უკვე მოიპოვა პოპულარობა, როგორ გეგმავთ მის პრეზენტაციას უცხოეთში?
– გოჩამ უცხოელ მეგობრებს უკვე გაუგზაცვნა ჩანაწერი. სამომავლოდ კიდევ გვექნება საპრეზენტაციო აქციები, თუმცა ჩვენ კიდევ ერთ პროექტზე ვმუშაობთ, რომელიც დარწმუნებული ვარ, არანაკლებ საინტერესო იქნება.

– გოჩა, პანდემიამ ყველას შეუქმნა პრობლემები და გეგმების შეცვლა აიძულა. თქვენ რას გეგმავთ სამომავლოდ?
– მეც გამიუქმნდა რამდენიმე კონტრაქტი. ამერიკაში მივემგზავრებოდი, მოსმენა მქონდა ნიუ-იორკში, თუმცა ყველაფერი გადაიდო. საბედნიეროდ, ტალიაში იგეგმება ორი ფესტივალის ღია ცის ქვეშ გამართვა. მართალია, კარანტინის გავლა მომიწევს, მაგრამ ისე მომენატრა სცენაზე გამოსვლა, ყველაფერზე თანახმა ვარ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი