LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დიდი ომის მოლოდინში: ირანი შურისძიებას აპირებს, ისრაელი მზადაა

641
AP24213750657775-e1722497257941-1024x640

თეირანში, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე, „ჰამასის“ ერთ-ერთი ლიდერის ისმაელ ჰანიეს მკვლელობამ მთელი პოლიტიკური ყურადღება ახლო აღმოსავლეთისკენ მომართა და ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო ფეთქებადსაშიში გახადა, მით უმეტეს, რომ შურისძიების მუქარა უკვე გაისმა, მათ შორის ირანის მხრიდანაც, რომელსაც „სტუმარი“ მოუკლეს.

ძირითადად ამ საკითხზე ისაუბრა გადაცემაში „მსოფლიო, როგორც ასეთი“ წამყვანმა და პოლიტიკურმა მიმომხილველმა ბუკა პეტრიაშვილმა, რომელიც ასევე შეეხო აშშ-ში მიმდინარე საპრეზიდენტო არჩევნებს, სადაც კამალა ჰარისი თანდათან ახერხებს ვითარება თავის სასიკეთოდ მოატრიალოს. დონალდ ტრამპი მზად იყო დებატებისთვის, ახლა კი ფეხს ითრევს. მოკლედ, კამალამ მომენტი დაიჭირა, თუმცა „გადაჭრით ვერავინ ვერ იტყვის, რომ აუცილებლად ასე გაგრძელდება 5 ნოემბრამდე“.

უკრაინაში კი კარგი ამბავია ის, რომ პირველი ესკადრილია, 6 თვითმფრინავი F-16 უკვე გამოჩნდა უკრაინაში.

„პოლიტიკურ ტემპერატურა უკიდურესად აწეულია. მსოფლიოს ყურადღება მიპყრობილია ახლო აღმოსავლეთისკენ. როგორი იქნება ირანის, „ჰესბოლას“, „ჰამასის“ პასუხები ისმაელ ჰანიეს, ფაუდ შუქრის, ასევე „ჰამასის“ სამხედრო მეთაურის მოჰამედ დეიფის მკვლელობის შემდეგ.

რეგიონში ისედაც მაღალი იყო ტემპერატურა ისრაელსა და „ჰამასის“ ომის გამო, მაგრამ ახლა ჰანიეს მკვლელობის შემდეგ მაქსიმალურად აიწია.
ირანის სულიერმა ლიდერმა აიათოლა ალი ხამენეიმ განაცხადა, რომ მათი ვალია შური იძიონ ისრაელზე, ირანის ვალდებულებაა მკაცრი პასუხი გასცეს მათ ქვეყანაში მომხდარ მკვლელობას, როდესაც მათთან სტუმარი იმყოფებოდა.

ამ მკვლელობამ გადაფარა ერთი დღით ადრე ბეირუთის გარეუბანში განხორციელებული ოპერაცია, როდესაც ასევე რაკეტით მოკლეს „ჰესბოლას“ სამხედრო მეთაური, შეიარაღებული ძალების მეთაური, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურა ფუად შუქრი.

ისრაელის პრემიერმა დაადასტურა შუქრის მკვლელობა განსხვავებით ჰანიეს მკვლელობისგან და აღნიშნა, რომ ეს იყო საპასუხო რეაქცია. საუბარია გოლანის მაღლობზე განხორციელებულ ოპერაციაზე, რასაც 12 ბავშვის სიცოცხლე შეეწირა. მაშინ ბავშვები ფეხბურთს თამაშობდნენ და მათ რაკეტა მოხვდათ.

ცოტა ხნით ადრე, დაახლოებით 13-14 ივლისს „ჰამასის“ სამხედრო მეთაური მოჰამედ დეიფი გაანადგურეს და მისი ლიკვიდაციაც დაადასტურა ისრაელის შეიარაღებულმა ძალებმა.
ჰანიე არც უხსენებიათ.

ჰანიე „ჰამასის“ ერთ-ერთი დამფუძნებელია, მაგრამ ბოლო წლები დოჰაში ცხოვრობდა და მხოლოდ თურქეთის მიმართულებით გადაადგილდებოდა. ის იყო ჩართული მძევლების განთავისუფლებისა და ცეცხლის შეწყვეტის მოლაპარაკებებში. ახლა რა თქმა უნდა გართულდება მოლაპარაკებები. ბუნებრივია, ამან შეშფოთება გამოიწვია მძევლების ოჯახის წევრებს შორის. თუმცა ჰანიე დიდი ხანია იმ სიაში იყო, რომლის განადგურებას ისრაელი ლამობდა.

ისრაელმა განაცხადა, რომ არ სურს ფართომასშტაბიანი ომი. პრემიერ ნეთანიაჰუს განცხადებით, ის მზად არის ყველა სცენარისთვის, ყველაზე უარესისთვისაც კი. არათუ ქვეყანაში, არამედ გაძლიერებულია ისრაელელი სპორტსმენების უსაფრთხოებაც კი პარიზის მიმდინარე ოლიმპიადაზე.

ირანის სულიერმა ლიდერმა განცხადება გააკეთა და სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირებიც ადასტურებენ, რომ საპასუხო რეაგირება იქნება ძალიან მძიმე. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი საუდის არაბეთისა და კატარის საგარეო საქმეთა მინისტრებს ესაუბრა და პირდაპირ დააფიქსირა, რომ ამ მკვლელობებს რეგიონში აუცილებლად მოჰყვება ესკალაცია, არ გამორიცხავს ფართომასშტაბიან ომს და მოუწოდა ამ ქვეყნებს არ განახორციელონ სამოქალაქო ფრენები ისრაელის მიმართულებით და იზრუნონ საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხოებაზე.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა რამდენიმე საათში გააკეთა განცხადება, რომ აშშ არ ყოფილა საქმის კურსში არც მზადების, არც დეტალების, არც დაგეგმვის შესახებ და რომ არავითარი კავშირი არ აქვს კავშირი ჰანიეს მკვლელობასთან. ენტონი ბლინკენი დაუყოვნებლივ შეუდგა მოლაპარაკებებს სპარსეთის ყურის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებთან. აშშ-ში გაცემულია გაფრთხილება, რომ მათმა მოქალაქეებმა არ იმოგზაურონ ლიბანში, რეგიონში, რადგან ყველანაირი სცენარი განიხილება.
ბლინკენმა ასევე განაცხადა, რომ მაღალ პრიორიტეტად რჩება მძევლების განთავისუფლება და ცეცხლის შეწყვეტაზე მოლაპარაკება.

როგორც მოსალოდნელი იყო, რუსეთმა კატეგორიულად დაგმო ეს პოლიტიკური მკვლელობა და განაცხადა, რომ ეს ხელს შეუწყობს და გაზრდის ფართომასშტაბიანი დაპირისპირების საფრთხეს.

ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები. იმედია, არ გადაიზრდება დიდ ომში, რადგან ასეთ დროს არ ჩაიკეტება მხოლოდ ღაზის სექტორი, ამან შეიძლება გამოიწვიოს რეგიონის სხვა ქვეყნების ჩართვაც“.

ფოტო: timesofisrael

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები