„ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა პარლამენტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ჯანდაცვის სამინისტროს გადაცდომებზე ისაუბრა და თქვა, რომ მინისტრის საკანონმდებლო ორგანოში დაბარების ნაცვლად, პარლამენტი უწყებისთვის ტაშის დაკვრითაა დაკავებული.
„დიდხანს აპირებს პარლამენტი მხოლოდ ტაში უკრას ჯანდაცვის სამინისტროს და მხოლოდ გაკეთებულზე ისაუბროს ნაცვლად იმისა, რომ დაიბაროს მინისტრი და კონკრეტულად, კოვიდთან ბრძოლის მიმართულებით არსებულ ძალიან სერიოზულ გადაცდომებზე, შეცდომებზე, თუ სისტემურ ჩავარდნებზე ანგარიში მოიკითხოს?!“. – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.
მისივე თქმით, ის, რომ დღეს ინფიცირების 1023 და გარდაცვალების 17 შემთხვევა გვაქვს, ჯანდაცვის არასათანადო სერვისების გამო ხდება. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ ხდება ეს თემა პარლამენტის წამყვანი საკითხი.
„დიდხანს აპირებს კიდევ პარლამენტი არ შეიმჩნიოს, რომ საგანგაშოდ მოწინავე გვაქვს სიკვდილიანობის სტატისტიკა, რომელიც განსაკუთრებით დამძიმდა ბოლო კვირების განმავლობაში? არ ვიცი, რატომ ვერ ხდება ეს თემა პარლამენტისთვის წამყვანი თემა, მაშინ როდესაც სხვა ქვეყნების პარლამენტებში ეს თემა დღის წესრიგიდან არ ჩამოდის“. – აღნიშნა ნაცვლიშვილმა.
მისივე განცხადებით, ამაზე უკვე ისაუბრა და არ გაჩერდება მანამ, სანამ ყველა კონკრეტულ ნაბიჯთან დაკავშირებით ანგარიშვალდებულება არ ექნება.
ჩვენმა ფრაქციამ უკვე მიმართა ადამიანის უფლებათა კომიტეტს – ჩვენ ვითხოვეთ სამი მინისტრის, მათ შორის ჯანდაცვის მინისტრის დაბარება. უამრავი კონკრეტული და პასუხგაუცემელი კითხვაა, რომელზეც ამ ქვეყნის მოქალაქეები იმსახურებენ, რომ პასუხები იცოდნენ“. – თქვა ანა ნაცვლიშვილმა.